Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერინარებს რეცეპტის გამოწერის უფლება არა აქვთ, სად ვიშოვოთ წამლები ცხოველებისთვის? 


იმის გამო, რომ ვეტერინარებს რეცეპტის გამოწერის უფლება არა აქვთ, ცხოველები, რომლებსაც წამლებით მკურნალობა სჭირდებათ, დახმარების გარეშე რჩებიან.

რუსუდან რუხაძეს დიდი შავი ძაღლი ჰყავს, წლის და 9 თვის კანე კორსო. შარშან ძაღლს გულყრა დაემართა და მას შემდეგ ავადაა. სჭირდება წამალი, რომლის გამოწერის უფლებაც ვეტერინარს არა აქვს.

წამლები მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება. ფენობარბიტალი ან დიაზეპექსი, მაგრამ ეს წამლები რეცეპტით იყიდება“, - ჰყვება რუსუდანი, რომელსაც სახელმწიფო არ უტოვებს კანონიერ გზას, თავის ძაღლს საჭირო მედიკამენტები უყიდოს.

ისევე როგორც ადამიანების შემთხვევაში, ცხოველების ეპილეფსიის სამართავად საჭიროა ანტიეპილეფსიური პრეპარატები, მაგალითად: დეპაკინი, ლუმინალი, დიაზეპამი... მაგრამ:

„ჩვენ არ შეგვიძლია რეცეპტის გამოწერა, [პატრონები] თვითონ თუ სადმე იშოვნიან არალეგალურად. დიდი ხანია, რაც ეს პრობლემა გვაქვს და მუშაობაში ხელს გვიშლის“, - ამბობს ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე.

ცხოველების მეპატრონეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციაში წერია, რომ სახელმწიფომ ისინი არჩევანის წინაშე დააყენა, ან კანონმორჩილ მოქალაქეებად დარჩნენ და ცხოველი სატანჯველად ან სულაც სასიკვდილოდ გაწირონ, ან წამალი შავ ბაზარზე იშოვონ.

საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ ძაღლების, კატების, ზღვის გოჭების თუ სხვა შინაური ცხოველების ვეტერინარია სახელმწიფოს არ აინტერესებს.

აღარ არის ის დრო, ვიძახოთ, რომ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. ძაღლი შეიძლება მოკვდეს კოჭლობით. ეს წამლები განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როდესაც ცხოველს ეპილეფსია ან ნერვული აშლილობა აქვს. რეცეპტი რომ გამოვწერო, ვეტერინარი ექიმის სერტიფიკატი უნდა მქონდეს, რომელიც საქართველოში არავის აქვს. ვეტერინართა სერტიფიცირება გაუქმებულია. ვმუშაობთ დიპლომის საფუძველზე“, - ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.

2009-2010 წლებში ვეტერინარია რეგულირებადი პროფესიების სიიდან ამოიღეს. რეგულირებადად მიიჩნევა პროფესია, რომლით საქმიანობისთვის პირმა კანონმდებლობით დადგენილი განათლება უნდა მიიღოს და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს.

თუმცა, 2018 წელს ვეტერინარიას კვლავ რეგულირებადი პროფესიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2021 წელს საკანონმდებლო ცვლილებით ვეტერინარებისთვის სახელმწიფო სერტიფიკატი ისევ აუცილებელი გახდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ქვესტრუქტურაში ვეტერინარიაც შედის, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისევ მუშაობენ ვეტერინარების სერტიფიცირების სისტემაზე.

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანის მასშტაბით ფუნქციონირებს 44 ვეტერინარული კლინიკა, რომლებსაც აქვთ უფლება მკურნალობის დროს ფსიქოტროპული პრეპარატები გამოიყენონ, თუმცა მხოლოდ ადგილზე, უშუალოდ კლინიკაში.

რუსუდან რუხაძე ამბობს, რომ თუ ძაღლს გულყრა დაემართა, მისი კლინიკამდე მიყვანა შეიძლება ვერც მოასწრო, მით უფრო, თუ თბილისში არ ხარ. ისეთი შემთხვევაც ჰქონდათ, რომ ძაღლი ცუდად დღესასწაულებზე გაუხდათ და იმ დროს ღია კლინიკას ვერსად მიაგნეს.

წამალი პატრონს სახლში უნდა ჰქონდეს, რომ უცებ გაუკეთოს. არის მსუბუქი გულყრები, მაგრამ ზოგი ცხოველი შეიძლება 40 წუთი იყოს კრუნჩხვებში. ჩემი შვილი თავის ოცნებებზე რომ ლაპარაკობს, ამბობს, ძაღლი იყოს კარგადო. ძალიან მძიმე სანახავია ეს გულყრა, ძაღლი გაშეშებულია, ვერ სუნთქავს, გონება ებინდება... პირველად რომ დაემართა, მეგონა კვდებოდა“.

პარლამენტარმა თეონა აქუბარდიამ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით მიმართა. დეპუტატმა იკითხა, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ ვითარებაში ცხოველების მეპატრონეები, რომ არც კანონი დაარღვიონ და ცხოველსაც დაეხმარონ.

სამინისტროდან მას უპასუხეს, რომ, კანონმდებლობის თანახმად, ცხოველების მეპატრონეებს მსგავსი მედიკამენტების დამოუკიდებლად გამოყენება არ შეუძლიათ. რის შემდეგაც თეონა აქუბარდიამ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: პასუხი ისეთი მოიწერა სამინისტრომ, რომ ლამის ასემც გიქნიათო უთხრა ყველა იმ შინაური ცხოველის პატრონს, ვისაც ეს არჩევანი აქვს დღეს. ველი ჯანდაცვის მინისტრის პასუხს ამავე კითხვაზე და შემდეგ ნაბიჯებს ისე გადავდგამ...“

ჯანდაცვის სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, რომლის ინიციატორიც, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა გახდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG