Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Only me-ზე გადაიყვანე -  რა ვიცით სასამართლო დავაზე, რომელიც ფეისბუკის პოსტის გამო დაიწყო? 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეისბუკის ერთ-ერთ მომხმარებელს დაავალა, თავისი საჯარო ე.წ. Public სტატუსი Only Me-ს ფუნქციაზე გადაიყვანოს ანუ მხოლოდ თავად მას შეეძლოს მისი წაკითხვა. ასევე დაავალა, საჯაროობა შეუზღუდოს „YouTub“-ზე განთავსებულ მისსავე ვიდეოს და აუკრძალა ფეისბუკის პირადი ანგარიშის წაშლა მანამ, სანამ საქმეს სასამართლო განიხილავს.

ამ საქმის ადვოკატი სერგი ჯორბენაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს საქართველოში (და შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც) სასამართლოს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

დავა პოსტების გამო ორ საჯარო ფიგურას შორის დაიწყო. ერთმა მეორეზე რაღაც დაწერა და ვიდეოც გაავრცელა. მეორემ სასამართლოში იჩივლა, რადგან ჩათვალა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იყო ტყუილი და მას ცილს სწამებდნენ.

მოსარჩელის ვინაობას, მისივე მოთხოვნით, ადვოკატი ამ ეტაპზე არ ამხელს. მის შესახებ დაწერილი საჯარო პოსტები ჯერ ისევ ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

სერგი ჯორბენაძე გვეუბნება, რომ პოსტი არ ყოფილა პოლიტიკური შინაარსის. სტატუსები უხამსი და ცილისმწამებლური იყო, რაც არაქონებრივი უფლების დარღვევად მიიჩნევა - სასამართლოსაც ამ დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართეს.

ეს რომ ტრადიციული მედია ყოფილიყო, პრესა, რადიო, ტელევიზია, ამბობს ადვოკატი, რედაქციას ან ავტორს მისსავე მედიაში დაუყოვნებლივ უარყოფას მოსთხოვდნენ, მაგრამ რადგან ფეისბუკის პირად გვერდსა და იუტუბის პირად ანგარიშს თავისი სურვილის მიხედვით, კერძო პირი მართავს, სასამართლოში მათ მოითხოვეს არა მხოლოდ გავრცელებული სტატუსის შინაარსის უარყოფა, არამედ ისიც, რომ ეს უარმყოფი განცხადება გარკვეული პერიოდი არ წაიშალოს.

ეს ხომ არ არის კლასიკური მედია, ჩაიარა ამბავმა და მორჩა. ამ პოსტს ყველა უყურებს და კითხულობს დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ მოვითხოვეთ ამ პოსტის დამალვა მანამ, სანამ დავა არ დასრულდება და ჩვენი ეს მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და მალე მოპასუხეს თავის სტატუსს „Only me“-ზე გადააყვანინებენ. მას რომ წაეშალა ის პოსტი, ამას არავინ მოსთხოვდა და მხოლოდ უარყოფას მოვითხოვდით, მაგრამ მან არც სასამართლოში საქმის დაწყების შემდეგ წაშალა ის სტატუსი და ვიდეო“, - ამბობს ადვოკატი.

თუ სასამართლოს მოსარჩელე მოიგებს, პოსტები უნდა წაიშალოს, მაგრამ თუ წააგებს, მაშინ პოსტის ავტორს უფლება ექნება თავისი სტატუსები ისევ გაასაჯაროოს.

ფეისბუკის ორ მომხმარებელს შორის კონფლიქტი საქართველოს კანონმდებლობით ირჩევა. ადვოკატი დავობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით.

უპრეცედენტოს ამ საქმეს თავად ადვოკატი იმიტომ უწოდებს, რომ მან ვერ მოიძია სხვა შემთხვევა, როცა სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად კონკრეტული პოსტის „Only me“-ზე გადაყვანა მოეთხოვა.

თუკი საჯარო პოსტი სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში მედიისთვისაც ხელმისაწვდომი დარჩებოდა სასამართლოს მოგების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე თავისი აზრით დარღვეულ უფლებას ვეღარ ან მხოლოდ ფორმალურად აღიდგენდა.

სასამართლოს მომდევნო სხდომა ჯერ არ დანიშნულა. ჯერჯერობით, ანონიმად დარჩენას არჩევს მოსარჩელეც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG