Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეპარვა "უკანა გასასვლელით" - კიბერშეტევები Made in Russia


21-ე საუკუნეში ომის დასაწყებად ტანკები აუცილებელი აღარაა. კრემლი დიდი ხანია აწყობს კიბერთავდასხმებს მათზე, ვინც გულზე არ ეხატება.

„უკრაინელებო!... მთელი ინფორმაცია თქვენზე საჯარო გახდა. გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ. ეს თქვენი წარსული, აწმყო და მომავალია!” - ეს შეტყობინება ჰაკერებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე დატოვეს. 14 იანვარს კიბერთავდასხმამ მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის 70-მდე სახელისუფლებო კომპიუტერული სისტემა.

ომის პრელუდია?

ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკვე 8 წელია, უკრაინა რუსი ჰაკერების სამიზნეა. მაგალითად, 2015 და 2016 წლებში ჰაკერულმა შეტევებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ელექტრომომარაგების სისტემა, რის გამოც შუქი რამდენიმე საათით ჩაქრა თითქმის მთელ კიევში.

2017 წელს კი მავნე პროგრამამ „არაპეტიამ” შეაღწია უკრაინის ათეულობით კერძო კომპანიის სერვერზე, შექმნა საიდუმლო „უკანა გასასვლელები”, იქიდან კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქვეყნის ეკონომიკამ მაშინ ასეულობით მილიონი დოლარი იზარალა.

უკრაინელებს ეჭვი არ ეპარებათ - შეტევების უკან მაშინაც და ახლაც კრემლის ჰაკერები დგანან.

„მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდული ომის წარმოებას და სწრაფად ზრდის საკუთარ კიბერშესაძლებლობებს“, - ნათქვამია უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებაში.
ამერიკის ხელისუფლებამ მოსალოდნელი კიბერსაფრთხეების შესახებ უკრაინა ჯერ კიდევ დეკემბერში გააფრთხილა. ეს შეტევა „რუსეთის ხელწერას ჰგავს”, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

2014 წელს ვიქტორია ნულანდი თავად გახდა, როგორც ამერიკაში ფიქრობენ, რუსი ჰაკერების სამიზნე. ყირიმის ანექსიამდე რამდენიმე კვირით ადრე, ინტერნეტში გავრცელდა მისი და უკრაინაში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ჯოფრი პიატის სატელეფონო საუბარი. „შევე*ი ევროკავშირს”, - ეუბნებოდა ბრიუსელის უმოქმედობით გაღიზიანებული ნულანდი ელჩს. ეს ციტატა მაშინ რუსულმა მედიამ აიტაცა.

თავად რუსეთი უარყოფს როგორც კიბერშეტევასთან კავშირს, ისე უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მზადებასაც. თუმცა ზუსტად ასე მოქმედებდა კრემლი ყირიმის ანექსიის დროსაც, 2014 წელს.

რა არის კიბერშეტევა?

კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, IBM-ის თანახმად, კიბერშეტევა „უკანონო შეღწევაა სხვის კომპიუტერულ სისტემაში”. მისი მიზანი სისტემის მთლიანად გათიშვა, ანდაც მასში არსებული ინფორმაციის შეცვლა, გასაჯაროება ან განადგურებაა.

კიბერშეტევის უამრავი ხერხი არსებობს, თუმცა რამდენიმეა მთავარი.

  • „უკანა გასასვლელის” ტროიანი - კიბერშეტევის დროს მავნე პროგრამა ტოვებს ე.წ. უკანა გასასვლელს მსხვერპლის სისტემაში. შედეგად, ჰაკერები მას ისე აკონტროლებენ, რომ მსხვერპლმა ეს არც იცის. სისტემაში ჩართული, „დაზომბებული” კომპიუტერები ასევე შეიძლება გამოიყენონ სხვებზე კიბერშეტევისთვის.
  • მავნე პროგრამით (ე.წ. მალვეარით) შეტევა - ამ დროს მსხვერპლის კომპიუტერზე მავნე პროგრამა ყენდება, რომელიც შემდეგ კომპიუტერს სრულად აკონტროლებს. ხშირად მალვეარს მსხვერპლს მოტყუებით აყენებინებენ. მალვეარების უმეტესობა ანადგურებს მნიშვნელოვან ფაილებს, რითაც სისტემა მწყობრიდან გამოჰყავს.
  • SQL შეღწევა - SQL პროგრამირების ენაა, რომელსაც მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ იყენებენ. ამ ენაზე დაწერილი მავნე კოდის მეშვეობით ბოროტმოქმედები მსხვერპლის სერვერზე აღწევენ. მათი მიზანი მნიშვნელოვანი მონაცემების ხელში ჩაგდებაა.
  • XSS შეტევა - ბოროტმოქმედები საიტზე მავნე კოდს ტვირთავენ. მისი წყალობით ჰაკერი საიტსა და მის მომხმარებლებს შორის ექცევა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საიტი და მომხმარებლები ერთმანეთს გადასცემენ, მის ხელში ხვდება.
  • DDoS შეტევა - ამ დროს მსხვერპლის სერვერზე წვდომას ერთდროულად ძალიან ბევრი კომპიუტერი ითხოვს. სერვერი ამხელა დატვირთვას ვეღარ უმკლავდება და ჭედავს, ან ითიშება.

ჰაკერებს შეუძლიათ დააზიანონ ყველაფერი, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით იმართება. ანუ გააჩერონ ტრანსპორტი, დატოვონ მოსახლეობა დენის, გათბობის, ფულის გარეშე, გამოიწვიონ პანიკა.

კიბერშეტევების უკან დგანან როგორც ცალკეული ჰაკერები, ისე დაჯგუფებები. ჰაკერებს, რომლებსაც იდეოლოგიური მიზნები აქვთ, ჰაკტივისტებს ეძახიან.

რამდენიმე დღის წინ, ბელარუსში ჰაკტივისტების ჯგუფმა კიბერიერიში მიიტანა რკინიგზის ეროვნულ კომპანიაზე. როგორც ტვიტერზე დაწერეს, მათი მიზანი იყო, არ დაეშვათ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შესვლა.

ჰაკერებს ასევე შეიძლება სურდეთ ფულის გამოძალვა, ანდაც შეიძლება მოქმედებდნენ ხელისუფლების მითითებით, როგორც ეს - რუსეთში ხდება, ან ჩინეთში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვიზეც რუსეთიდან მასობრივი კიბერიერიში მიიტანეს. 2008 წელს საქართველოში შეჭრის პარალელურად, ჰაკერებმა შეუტიეს მის ეროვნული ბანკისა და სამთავრობო საიტებს. ასევე მათ შეაფერხეს მთლიანად ინტერნეტის მუშაობა.

კიბერომის პიონერები

თუკი რუსეთიდან წამოსულ ფიზიკურ საფრთხეებზე დარდი, პირველ რიგში, მის უშუალო მეზობლებს უწევთ, რუსეთის კიბერშეტევები, ამერიკამაც და ევროპამაც დიდი ხანია საკუთარ თავზე გამოსცადეს.

გამოცემა Forbes-ი წერს, რომ რუსი ჰაკერები ამერიკას უკვე 20 წელიწადია უტევენ. ამ ხნის განმავლობაში მათ იერიში მიიტანეს არაერთ სახელმწიფო უწყებასა და კერძო კომპანიაზე, NASA-ს ჩათვლით და ამ გზით მათ მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენეს.

ბოლო ორი წელი რუსი ჰაკერებისთვის განსაკუთრებით „ნაყოფიერი” გამოდგა.

2020 წლის დეკემბერში აღმოჩნდა, რომ მათ შეაღწიეს პენტაგონის, სადაზვერვო უწყებების, ბირთვული ლაბორატორიების და კიდევ ხუთასამდე კომპანიის სისტემებში. ჰაკერებმა დაახლოებით 18 ათას კომპიუტერში „უკანა გასასვლელები” შექმნეს. კომპანიებმა თქვეს, თითქმის ერთი წლის მანძილზე, ჰაკერები ინფორმაციას ისე იპარავდნენ, რომ არაფერი ვიცოდითო.

2021 წლის 8 მაისს კი, კიბერშეტევის შედეგად, გაითიშა მილსადენი Colonial Pipeline-ი, რომელსაც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის დაახლოებით 45% გადაჰქონდა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შეტევის უკან ჰაკერული დაჯგუფება REvil-ი იდგა. ზუსტად 2 კვირის წინ მისი წევრები რუსულმა უშიშროებამ დააპატიმრა. ოღონდაც იქამდე, ოქტომბერში, ამერიკელებმა თავად მიიტანეს კიბერშეტევა ჰაკერების ჯგუფზე და სერვერი გაუთიშეს.

მაიკროსოფტის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ ერთ წელიწადში გამოვლენილი კიბერშეტევების ნახევარზე მეტი რუსეთიდან იმართებოდა.

2020 წლის ივნისიდან, 2021 წლის ივნისის ჩათვლით, კორპორაციამ სულ 20,500 კიბერშეტევა გამოავლინა. შეტევების 46% აშშ-ზე მოდიოდა. უკრაინაზე 19%, დიდ ბრიტანეთზე კი - 9%.

აშშ ელოდება, რომ უკრაინაში ვითარების გამწვავების პარალელურად, ახალი კიბერიერიშები გარდაუვალია. არცერთი კომპიუტერული სისტემა სრულყოფილი არ არის და ამიტომაც შეტევის შესაძლებლობა მოწინააღმდეგეს ყოველთვის ექნება. მარკ ვერნერი, აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებულია, რომ თავდაცვის საუკეთესო გზაა, კრემლმა ზუსტად იცოდეს, რომ თავისი შეტევები ძვირად დაუჯდება.

„წლებია, ვამბობ, რომ კიბერსივრცეში “საგზაო მოძრაობის წესები” გვჭირდება. ზუსტად ისეთივე ნორმები, როგორიც მოფიქრებული გვაქვს სამხედრო კონფლიქტებისთვის”, - უთხრა მან CNN-ს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG