"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, არ ჰყავს ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 58 პროცენტი იყო. კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.
ამ გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (9%) შედეგი აქვს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას". დაბალი მაჩვენებლის გამო, NDI-ის სხვა პარტიები შედეგებში გამოყოფილი არ აქვს.
"გადაუწყვეტელ" მოქალაქეებს შორის ყველაზე დიდი წილი 18-დან 34 წლამდე ადამიანებზე მოდის. ამ ასაკობრივ ჯგუფში "ქართულ ოცნებას" 18-პროცენტიანი შედეგი აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 10-პროცენტიანი.
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევაში ოპოზიციას უფრო დიდი ნეგატიური მაჩვენებელი აქვს.
ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შემთხვევაში ნეგატიური დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-დან 34 წლამდე მოქალაქეებზე მოდის.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით გამოიკითხა 2099 ზრდასრული მოქალაქე. კვლევის საშუალო ცდომილება 1,3 პროცენტია.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. საველე სამუშაოებს CRRC-საქართველო ატარებდა.