Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, სხვები არ ეთანხმებიან


"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია. ამ აზრს იზიარებს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 92 პროცენტი. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.

იმის მიუხედავად, რომ დემოკრატია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, ყოველი მეორე მოქალაქე ქვეყანაში ამ კურსს ვერ ხედავს.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია, მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ "არა". ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა 2019 წელთან შედარებით - შემცირებული.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" დემოკრატიასთან დაკავშირებით გამოკითხული მოსახლეობის პასუხები პარტიული მხარდაჭერის მიხედვით დაყო. აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, დანარჩენი მოსახლეობა კი ამას არ იზიარებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 58 პროცენტი იყო. გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (9%) შედეგი აქვს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას".

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით გამოიკითხა 2099 ზრდასრული მოქალაქე. კვლევის საშუალო ცდომილება 1,3 პროცენტია.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. საველე სამუშაოებს CRRC-საქართველო ატარებდა.

XS
SM
MD
LG