Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ი 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენას შეასრულებს


ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ორ დღეში, 28 იანვარს საქართველოდან რუსეთის, კერძოდ კი მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ფრენას შეასრულებს. ერთჯერადი ფრენის შესახებ ინფორმაცია თავად ავიაკომპანიამ გაავრცელა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე თბილისი-მოსკოვის მიმართულების ბილეთები, ამ დროის მონაცემებით [11:21 სთ], 718 ლარი ($233) ღირს. რეისი 28 იანვარს 10:00 საათზე შესრულდება და მოსკოვში 11:30 საათზე იქნება.

მოსკოვიდან თვითმფრინავი 28 იანვარს 12:30 საათზე გამოფრინდება და საქართველოში 16:00 საათზე იქნება. ბილეთის ფასი 621 ლარიდან იწყება, რაც დაახლოებით 202 დოლარია.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსგავსი ერთჯერადი ფრენები მათ ავიაკომპანიას რუსეთში მანამდეც ჰქონია. ამბობს, რომ ერთჯერად ნებართვას სადღესასწაულო დღეებისთვის იღებენ ხოლმე.

"ერთჯერადი ჩარტერული რეისი შეიძლება მოითხოვო და შეასრულო - ეს პრობლემა არ არის. ჩვენი ძალებით შევძელით [ფრენის დაგეგმვა]", - თქვა გაიაშვილმა.

28 იანვარს ფრენა ტრანსფერის გარეშეა. ავიაკომპანიას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები ერევნის გავლით, პარტნიორი ავიაკომპანიის დახმარებით აქვს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

XS
SM
MD
LG