რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება აღმოფხვრის რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მოსკოვი განიხილავს ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს.
საქართველოს შესახებ ლავროვს შეკითხვა დაუსვა გამოცემის, „არგუმენტი ი ფაქტის“ ერთ-ერთმა მკითხველმა. გამოცემის ინფორმაციით, მისი ინიციატივით მოქალაქეებმა რედაქციას ივნისის ბოლოს, ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს შეკითხვები, რომლებსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილობით უპასუხა.
საქართველოს შესახებ შეკითხვის ფორმულირება იყო: „რა ზომები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ, რათა საქართველოს შემარცხვენელი ინდივიდები პარლამენტთან არ აწყობდნენ მანიფესტაციებს რუსეთის წინააღმდეგ?“
ლავროვის განცხადებით, ხელისუფლების და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს საშინაო საქმეა და რუსეთი ამ პროცესში ჩარევას არ აპირებს, თუმცა, შეუძლებელია შეშფოთებას არ იწვევდეს საქართველოს პოლიტიკური ელიტის რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლების მცდელობები, გააღვივონ რუსოფობიური განწყობები და ხალხები ერთმანეთთან წააჩხუბონ.
„ასეთი მოღვაწეები არ უფიქრდებიან ზიანს, რომელსაც თავისი მოქმედებებით აყენებენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას, რომელიც არცთუ მცირედითაა დამოკიდებული რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზე“ - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან მოელიან იმის სწრაფად გააზრებას, თუ რამდენად საზიანო და საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერიის გაგრძელება.
„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თბილისში საკუთარ თავში მოძებნა ძალა, დაეგმო ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო საქციელი, რუსეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხყოფა, რამაც აღშფოთება გამოიწვია თავად ქართულ საზოგადოებაში“ - განაცხადა ლავროვმა.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის მოგვარებას და რუსებისთვის სახიფათო მუქარების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, შეიქმნება საჭირო პირობები რუსეთის მიერ მიღებული გამაფრთხილებელი ზომების, მათ შორის საქართველოში ავიაგადაზიდვების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობის განსახილველად. ჩვენ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთის და საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ“ - აცხადებს სერგეი ლავროვი.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციების დაწყება.
საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.