Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდესაც მშობელი ემიგრანტია


მონატრება, ბრაზი, აგრესია, შეგუება... ეს ემოციები თავს მაშინ იჩენს, როდესაც მშობელი საზღვარგარეთ მიდის, ბავშვი კი სახლში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მარტო დარჩენილი ბავშვები საქართველში ძალიან ბევრია, სახელმწიფოს არა აქვს რამე სერვისი, რომელიც მათ მშობლის გარეშე ყოფნას გაუადვილებდა.

შარშან, 9 თებერვალს, 14 წლის ქობულეთელმა ნინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს საქმე, რომლის გამოძიება დღემდე გრძელდება, ფართოდ გახდა ცნობილი და ბევრი ინიციატივის მიზეზადაც იქცა, მათ შორის, ახალი პროექტისაც, რომელსაც საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ახორციელებს. პროექტის მიზანი მშობლების მიგრაციით გამოწვეული გავლენის შემცირებაა.

„ამ ფაქტის შემდეგ მოვიკითხეთ, რამე სერვისი თუ არსებობდა იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ერთი დიდი ხვრელი გვაქვს“, - ამბობს მაია ნასრაშვილი, „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენელი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ადამიანი მიდის. დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი კაცია გასული. თუმცა ემიგრანტების ზუსტი რიცხვი მაინც არავინ იცის, შესაბამისად, არც იმ ბავშვების რაოდენობა და ვინაობა, ვინც საქართველოში ერთი ან ორივე მშობლის გარეშე იზრდება. ეს ბავშვები სახელმწიფოს არ აღურიცხია და არც მიაჩნია, რომ მათ რამე განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ.

მთელი ცხოვრება იმას ვლოცავ, ვინც სკაიპი მოიგონა

ლეილა ჯინორია ამერიკაში 18 წლის წინ წავიდა, დატოვა 14 წლის ბიჭი, რომელიც მას შემდეგ არ უნახავს. მის შვილს ახლა თავადაც ოჯახი აქვს და მეორე ბავშვს ელოდება. პირველ შვილიშვილს ბებია მხოლოდ დისტანციურად იცნობს.

ლეილა ჯინორია
ლეილა ჯინორია

„საბაჟო შემოწმება რომ გავიარე და ჩემი შვილი კედელს მიღმა დარჩა, აი, იქ გავთავდი. ის განცდა დღემდე მომყვება. მთელი ცხოვრება იმას ვლოცავ, ვინც სკაიპი მოიგონა. ძალიან რთულ ასაკში დავტოვე, მაგრამ მადლობა უფალს, უპატიოსნესი ბიჭი დადგა. თვითონ არასდროს უგრძნობინებია, რამდენად უჭირდა, მაგრამ ჩემმა დამ მითხრა ადრე, ძილში ტირის დადედა, დედასიძახისო. როგორ იქნება ადამიანი, რომელსაცარც და ჰყავს გვერდით, არც - ძმა, არც - მამა, არც - დედა...“.

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ იკვლევს, როგორ მოქმედებს მშობლების საზღვარგარეთ წასვლა ბავშვებზე.

თითქმის ყველა შემთხვევაში მშობელი წასვლისას ფიქრობს, რომ მალევე ჩამოვა, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ბავშვის იმედგაცრუებას იწვევს“, - ამბობს სალომე ჭიჭინაძე, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სოციალური მიმართულების მენეჯერი. ის ჰყვება, რომ მშობლები ინტერვიუების დროს ხშირად ტიროდნენ, რადგან მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, - ერთი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. უცხოეთში წასული ქალბატონი სამი თვის განმავლობაში ვერ დასაქმდა. ქუჩაში დავდიოდი და ვფიქრობდი, თავი უნდა მოვიკლა, უკან ვერ დავბრუნდებიო. ყველა ამბობს, რომ ნერვები წკიპზე აქვთ და ამას ბავშვებიც ატყობენ. როდესაც ბავშვი ამას ამჩნევს, ცდილობს, თავისი პრობლემები არ დაამატოს, აღარ უყვება და ეს გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

რას ფიქრობს ბავშვი, როდესაც მშობელი მიდის

ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ამბობს, რომ ბავშვს ორი ბაზისური მოთხოვნილება აქვს. დედის მხრიდან მას უპირობო სიყვარული და მიმღებლობა სჭირდება, მამისგან კი - დაცვა და უსაფრთხოება. მშობელი, რომელიც შვილს შორდება, თუნდაც ეს მისივე ინტერესებისთვის გააკეთოს, ამ ბაზისურ მოთხოვნებს არღვევს.

ბავშვი თავს უარყოფილად და მიტოვებულად აღიქვამს. ანუ აქ იგულისხმება, რომ მშობელმა ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია შვილთან მიმართებაში, სამაგიეროდ შეეცადა ამის ფინანსურ კომპენსირებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არის რიგი საკითხები, რომლის კომპენსირებაც ზრდასრულ ასაკში აღარ ხდება. პირობითად, ბავშვობაში თუ სათამაშო არ გქონდა, .. არ გქონდა სათამაშო, - ამბობს ფსიქოლოგი.

გვანცა (სახელი შეცვლილია), რომელიც დღეს ამერიკაში შვილთან ერთად ცხოვრობს, თავის გამოცდილებაზე ჰყვება.

ჩემი გოგო წელიწად-ნახევრით დავტოვე საქართველოში და თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, უკვე ვნანობდი. ჩემს ცხოვრებაში ეგეთი ბნელი პერიოდი არ მქონია. მაშინდელი სურათების ნახვა და გახსენებაც კი არ მინდა. მერე, როდესაც ამერიკაში ჩამოვიყვანე, ზუსტად წელიწად-ნახევარი დასჭირდა, რომ ისევ შემჩვეოდა. ალბათ ის ახსოვდა, რომ გაიღვიძა და დედა ვერ დაინახა“.

თემურ ციმციშვილი უკვე სტუდენტი იყო, როდესაც მისი მშობელი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. პატარა არ ვიყავი, მაგრამ უდედობა ყველა ასაკში რთულიაო, ამბობს.

მაშინ კავშირის პრობლემაც გვქონდა, სახლის ტელეფონზე რეკავდა კვირაში ერთხელ, ისიც ძალიან ძვირი ღირდა. თვითონ მან რაც გაიარა, უფრო იმაზე ვნერვიულობ. პირველად რვა წლის მერე ჩამოვიდა, მერე ისევ წავიდა. უდედობა ყოველთვის უდედობაა, სითბო გაკლდება, დათრგუნული ხარ, ნერვულ სისტემაზე მოქმედებსახლა უფრო იმას ვდარდობ, რომ მე ვერ ვახერხებ საბოლოოდ დავაბრუნო“.

საგანგაშო სტატისტიკა

2020 წელს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წელს განრიდებული (სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი) 437 არასრულწლოვნის მონაცემები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვების საერთო რაოდენობიდან, რომელთაც ორივე მშობელი ჰყავთ, 15%-ის მშობლები განქორწინებულები არიან, ხოლო 23%-ის შემთხვევაში ორივე ან ერთ-ერთი მშობელი საზღვარგარეთ იმყოფება.

მაია ნასრაშვილი ამბობს, რომ ეს მონაცემები საკმაოდ საყურადღებოა. ახლა „კივიტას გეორგიკა“ ცდილობს, მარტო დარჩენილი ბავშვების თემა წამოწიოს, რომ მათ დასახმარებლად ქვეყანაში სხვადასხვა სერვისი შეიქმნას.

ბაღის და სკოლის წარმომადგენლებთან ვგეგმავთ შეხვედრებს. გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ბავშვი, რომელიც მშობლის გარეშე რჩება. მუნიციპალიტეტები გვინდა ჩავრთოთ. თავად მშობლებსაც ვესაუბრებით და ვეუბნებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ძალადობის პრევენცია შეძლონ, ან ძალადობის შემთხვევაში თუნდაც დისტანციურად დაიცვან შვილი. ინფორმაციას ვაწვდით, ცხელი ხაზის, სოციალური მუშაკის შესახებ“, - ამბობს მაია ნასრაშვილი.

Western Union

„Western Union“ - ასე ჰქვია ტორესა მოსის ერთ მოთხრობას, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება:

„დედაჩემი Western Union-ია. სხვანაირადაც შეიძლება ითქვას - დედაჩემი ტელეფონია, ხანდახან Skype, ხანაც Facebook-... დედას ყველაზე მეტად ბანკის რიგში ვგრძნობ“...

სალომე ჭიჭინაძე ამბობს, რომ ხშირად უკვე წამოზრდილ შვილებს მშობლის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება უჩნდებათ. შესაბამისად, ემიგრაციაში წასულებიც იძულებულები არიან, მაშინაც იმუშაონ, როცა ამის აღარც ასაკი აქვთ, აღარც - ჯანმრთელობა. წლები გადის და ერთ დროს ორად გახლეჩილი ოჯახი გაერთიანებას ვერ ახერხებს.

ვფიქრობდი, სამ წელს რამენაირად გავძლებ-თქო. ახლად ჩამოსულმა ერთ აქაურ ქართველს ვკითხე: „მანანა, რამდენი წელია აქ ხარ?“ შვიდიო. გადამეკეტა ყველაფერი, რა ადამიანი ხარ, როგორ არსებობ შენი შვილის გარეშე-მეთქი“, - იხსენებს ლეილა ჯინორია. სამშობლოში დაბრუნება მასაც უნდა, მაგრამ ამბობს, რომ საქართველო დღეს ამის შესაძლებლობას არ იძლევა, - რომ მცოდნოდა, ეს მელოდა, არავითარ შემთხვევაში არ წამოვიდოდი. თქვენ არ იცით, აქ რა ხდება. ეს არის ჯოჯოხეთური შრომა. არ უნდა დატოვო შენი სახლი! ამ უსაქმურ ხელისუფლებას ხელი კი არ უნდა შეუწყო, რომ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს ქვეყანა. თვალები უნდა დასთხარო, რომ ის გააკეთონ, რაც ხალხის წინაშე აკისრიათ!“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG