Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიდიოდნენ საზღვარგარეთ ადრე და რატომ მიდიან ახლა - მიზეზები იცვლება


სიღარიბე - ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც 30 წელია საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ მიდიან. თუმცა, სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ემიგრაციის პროცესებზე სხვადასხვა დროს დამატებით სხვა მიზეზებიც მოქმედებდა.

მაკა გუგუჩიას გაუმართლა და თავის დროზე „მწვანე ბარათი“ მოიგო. აშშ-ში 2004 წელს გადასახლდა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმი დაამხეს. მაშინ ეგონა, 2-3 წელიწადში უკანვე დაბრუნდებოდა, მაგრამ უკვე 2021 წელია და დღემდე საქართველოში მხოლოდ სტუმრად ჩამოდის.

2006 წელს რომ ჩამოვედი, ქვეყანა რადიკალურად იყო შეცვლილი უკეთესობისკენ. 2017 წელს ჩამოვედი და უკვე უარესობისკენ მიდიოდა. წელს ზაფხულშიც ვიყავი საქართველოში და მსგავსი არაფერი მახსოვს, ახალგაზრდებს სამსახური არა აქვთ, ვინც მუშაობს, მასაც არაფერი გააჩნია, ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი“, - ამბობს ის.

მაკა კონექტიკუტში ცხოვრობს და მუშაობს, მის გარშემო ასობით ქართველია, მაგრამ მხოლოდ ორი შემთხვევა ახსენდება, როდესაც ოჯახი უკან საქართველოში დაბრუნდა. აბსოლუტური უმრავლესობა, პირიქით, ცდილობს, ახლობლებიც აშშ-ში ჩაიყვანოს.

„ერთი ქალი დაბრუნდა, რადგან ქმარი გარდაეცვალა. თავად არ მუშაობდა და იძულებული გახდა, ბავშვებთან ერთად საქართველოში გამგზავრებულიყო. კიდევ სხვა ოჯახი ვიცი, დისტანციურად მუშაობს საქართველოდან, ანუ საქართველოში ცხოვრობს და ამერიკული ხელფასი აქვს. კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ამერიკაში მოქალაქეობას მიიღებენ და აქაური პენსია დაენიშნებათ“.

როგორ იცვლებოდა ემიგრაციაში წასვლის მიზეზები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ადამიანი მიდის. შედარებით ნაკლები იყო 2020 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში - 75 ათასამდე.

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში თამაზ ზუბიაშვილი ამბობს, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ წასულების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ზუსტი რიცხვი არ არსებობს, მაგრამ, მისი ვარაუდით, საქართველოდან უკვე მილიონ-ნახევარი ადამიანია გასული, რაც 3 მილიონ 700 ათასი კაცის კვალობაზე ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ზოგადად, ემიგრაციის ძირითადი მიზეზი ყოველთვის ეკონომიკური სიდუხჭირეა“, - ამბობს ის.

ამ ძირითადი მიზეზის გარდა არის სხვა გარემოებებიც.

თავდაპირველად, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ეთნიკური ჯგუფები (ბერძნები, ებრაელები, რუსები...) მასობრივად დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.

ინტენსიური მიგრაცია თითქმის 10 წელი გრძელდებოდა, მერე შედარებით იკლო, მაგრამ დღემდე უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის“, - ამბობს თამაზ ზუბიაშვილი.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დოკუმენტში - „საქართველოს მიგრაციის 2019 წლის პროფილი“ - ვკითხულობთ, რომ თავიდან საქართველოს, ძირითადად, არასტაბილური ვითარების გამო ტოვებდნენ, მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტების. მოგვიანებით წინ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები წამოვიდა. უკვე ახლა ემიგრაციის ტალღაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საზღვარგარეთ ჩამოყალიბებული ქართული დიასპორები. ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელების 20-30% მიზეზად სწორედ ოჯახის გაერთიანებას ასახელებს. რაც შეეხება აშშ-ს, 2015-2017 წლებში ბინადრობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და ე.წ. მწვანე ბარათის მოგების საფუძველზე გაიცა.

მიგრანტები ყველაზე სანდო ინფორმაციას დიასპორისგან იღებენ, იქნება ეს საცხოვრებელი, სამუშაო თუ სხვა. რაც უფრო იზრდება დიასპორები, მით უფრო მეტია მიგრაციის პოტენციალი“, - ამბობს თამაზ ზუბიაშვილი.

ევროკავშირის საზღვართან

ცნობილი ხუმრობა „ბოლო ვინც წამოვა, აეროპორტში შუქი ჩააქროს“, მეტ-ნაკლებად გამართლდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. იმატა წასვლის მსურველმაც და უარით გამოსტუმრებულმაც. 2018 წელი ამ კუთხით რეკორდული იყო. ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, კვიპროსისა და პოლონეთის საზღვარზე მიიღეს. ეს ის ქვეყნებია (კვიპროსის გარდა), სადაც უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.

2018 წელს გაიზარდა არალეგალების რაოდენობაც და მათიც, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა 95% შემთხვევებში მათაც უარი უთხრეს - ვერ დაადასტურეს, რომ თავშესაფარი ნამდვილად სჭირდებოდათ.

რაც შეეხება ევროკავშირში აღმოჩენილ ქართველ არალეგალებს, თუ 2015 წელს მათი რაოდენობა 5 ათასამდე იყო, 2018 წელს 9 ათასს გადასცდა. ამასთან, არალეგალ მიგრანტებში მამაკაცები ქალებს ბევრად სჭარბობენ, მაგალითად, 2018 წელს ევროკავშირში 2 ათასამდე არალეგალი ქალი იყო, მამაკაცი კი - 5 ათასამდე.

ამასობაში კი საზღვარგარეთ ემიგრანტების თაობები გაიზარდნენ. მაკა გუგუჩია ამბობს, რომ „ნიუ-იორკი სავსეა ქართველებით“ და ყველაფერ იმით, რაც ზოგადად დიასპორას სჭირდება - დაწყებული ქართული საცეკვაო სტუდიებით და დამთავრებული რესტორნებით.

ჩემი შვილი სკოლიდან რომ მოდიოდა, ინგლისურად მელაპარაკებოდა ხოლმე. ხმას არ ვცემდი, სანამ ქართულზე არ გადავიდოდა. ახლა ქართულიც იცის და მეგრულიც, მაგრამ ყველა ასე არაა. აქაური ბავშვების დიდი უმეტესობა გამართული ქართულით ვერ საუბრობს.

ჩემს შვილს ძალიან უნდა საქართველოში დაბრუნება. გიჟდება, ისე მოსწონს იქაური ურთიერთობები. ერთი წლით მაინც დავბრუნდეთო, მეხვეწება. მაგრამ არ არის ამის პირობა. არანაირი მომავალი არ არის, - ამბობს ის.

დოკუმენტში - საქართველოს მიგრაციის 2019 წლის პროფილი - აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ საქართველოში ადრინდელზე მეტი მიგრანტი შემოდის, მაგრამ ეს ემიგრაციის მასშტაბზე მაინც არ აისახება. იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ქართველი მიგრანტები მიდიან, საქართველოში ხალხს შედარებით შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობები, შრომის ანაზღაურება, სოციალური დახმარება და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხი აქვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG