Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომიკრონი“ საქართველოში რეკორდებს ხსნის - რას ველოდებით ორ კვირაში?


კორონავირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა ბოლო 24 საათში 16,58% შეადგინა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში დაფიქსირებული დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩატარებული ტესტების რაოდენობასაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ მეექვსე ადამიანს, ვინც ტესტი ჩაიტარა, COVID19 დაუდასტურდა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი მალე კიდევ უფრო გაიზრდება. არ გამორიცხავენ, რომ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღეში 15 ათასამდე ავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, ეს რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს და 60 ათასსაც კი მიაღწიოს. მაღალია რეინფიცირების რიცხვიც და ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 17-20%-ს შეადგენს.

ვირუსის სტიქიურად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც COVID19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ სახელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18-19 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 50% სწორედ „ომიკრონზე“ მოდის. გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი დედაქალაქში და ის დაახლოებით 65%-ს შეადგენს.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში, „ომიკრონი“ სრულად ჩაანაცვლებს კორონავირუსის სხვა შტამებს:

პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

„მონაცემები ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად, რადგან ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შემთხვევის რაოდენობა იმატებს ასე, 3000, 5000, 8000... აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ დღეებში, აბსოლუტური უმრავლესობა ყველგან "ომიკრონი" იქნება. ეს რომ ასე იქნება, ფაქტია“.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, „ომიკრონი“ ეპიდემიოლოგთა ნაწილის მხრიდან, შედარებით „მარტივ“ შტამად სახელდება, მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ტვირთად დააწვება. გარდა ამისა, მოსაზრება, რომ „ომიკრონი“, შესაძლოა, ვირუსის დასუსტებულ ვარიანტს წარმოადგენდეს და ის მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებს აზიანებდეს, მხოლოდ იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც სამხრეთი აფრიკიდან ან სრულად აცრილი ქვეყნებიდან ვრცელდება. ამ შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის უმეტესობა ახალგაზრდა ასაკისაა. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის თითქმის 90%-იანი მაჩვენებელია, ბუნებრივია, რომ ვირუსი გაცილებით მსუბუქი სიმპტომატიკით წარიმართება. რასაც, ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30%-მდე. „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში მეტად მნიშვნელოვანი, „ბუსტერ“ დოზა კი 100 ათასზე ცოტა მეტ მოქალაქეს აქვს გაკეთებული.

სწორედ ამიტომ, კლინიცისტი ექიმები და ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ „ომიკრონი“, შესაძლოა, საქართველოსთვის არ აღმოჩნდეს „მსუბუქად გადასატანი ვირუსი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, წინა, „დელტა“ შტამთან შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, შემცირებულია, ერთდროულად ინფიცირების მაღალი რიცხვები, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას მაინც გამოიწვევს.

ვახტანგ კალოიანი, ექიმი-რეანიმატოლოგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჰოსპიტლებში პაციენტთა რაოდენობის ზრდა მომდევნო ორ კვირაში დაიწყება:

ვახტანგ კალოიანი
ვახტანგ კალოიანი

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი შედარებით ნაკლები აქვს, და თუკი წინა შტამის შემთხვევაში, ეს 4% იყო, „ომიკრონის“ შემთხვევაში 1,5%-ია, ცხადია, დღეში 10 ათასი და მეტი ინფიცირებული თუ გვეყოლება, აბსოლუტურ რიცხვებში ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა დიდი იქნება. ჩვენ ახლა ვუყურებთ ისეთი ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ძალიან მაღალია ვაქცინაციის რიცხვი, მაგრამ ამ გამოცდილების საქართველოს რეალობაზე გადმოტანა არ იქნება ადეკვატური“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთაგან, რომელსაც შტამი ოფიციალურად დაუდასტურდათ, კლინიკაში 15 პაციენტი აღმოჩნდა. არცერთი მათგანი ვაქცინირებული არ არის.

„ომიკრონის“ გავრცელების შეჩერების ერთ-ერთ მთავარ გზად, ეპიდემიოლოგები და ექიმები, კვლავ ვაქცინაციასა და უსაფრთხოების წესების დაცვას ასახელებენ. იქნება ეს პირბადის სწორი მოხმარება თუ დისტანციის დაცვა. თუმცა, ვაქცინაციისა და პირბადის მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში 30-35%-ს არ სცდება. შესაბამისად, ვახტანგ კალოიანი ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ კიდევ უფრო მასობრივ გავრცელებას, ამ პირობებში, წინ ვერაფერი დაუდგება:

„გავრცელების შეჩერება თითქმის შეუძლებელია. „ომიკრონს“ გადადების ისეთი მაღალი მაჩვენებელი აქვს, რომ მკაცრი „ლოკდაუნის“ პირობებშიც კი მისი შეჩერება წარმოუდგენელია. შესაბამისად, გამოუვალი ვითარების მსგავსი სიტუაცია გვაქვს. ამ სიტუაციაში, ვაქცინაციაა უპირველესი, რამაც შეიძლება შეამციროს როგორც ინფიცირების, ისე მძიმედ მიმდინარე დაავადების რაოდენობა. ძალიან ეფექტური საშუალებაა ნიღაბი. ნიღბების მოხმარების გაზრდით, შეგვიძლია შევამციროთ ერთდროულად ბევრი ადამიანის ინფიცირების რიცხვი. გავიაზროთ, რომ „ბუსტერ“ დოზა, ადამიანს 40-ჯერ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, ორი დოზა კი 9-ჯერ, არავაქცინირებული ადამიანისგან განსხვავებით“.

ინფიცირებულების მზარდი რაოდენობის ფონზე, კიდევ ერთი პრობლემა, რის წინაშეც შესაძლოა დადგნენ მოქალაქეები, ეს არის ჯანდაცვის პირველად რგოლთან, ოჯახის ექიმებთან გართულებული კომუნიკაციის საკითხი. ამ პრობლემის შესახებ აქამდეც მიუთითებდნენ პაციენტები, არადა, როგორც ჩანს, პირველი დარტყმის აღება საკუთარ თავზე ახლა სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლს მოუწევს. ამას ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც:

ბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი

„თუკი შევხედავთ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელს, სიტუაცია უკვე საკმაოდ რთულია. როგორც წინასწარი პროგნოზირება ამას აჩვენებდა, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობს, რომ შემთხვევები კიდევ გაიზრდება. ამ ფონზე, გაზრდილია პირველად რგოლზე მოთხოვნა, ექიმთან კონტაქტის აუცილებლობა და ამ მიმართულებით უკვე ფიქსირდება მეტ-ნაკლები პრობლემები. ულიმიტო შესაძლებლობები არ აქვს არცერთ ექიმს“.

კიდევ ერთი საფრთხე, რასაც ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონის“ სტიქიურ გავრცელებაში ხედავს, ეს არის თავად მედპერსონალის დაინფიცირების მაღალი რისკი, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოქმნის ჰოსპიტალურ სექტორში:

„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ ისევ კლავს. ის ისევ მოახვედრებს პაციენტებს კლინიკაში და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების, რაც მუშა ხელის გამოკლების რისკების ქვეშ გვაყენებს“.

არის თუ არა მზად ჰოსპიტალური სექტორი პაციენტების მზარდი რაოდენობის მისაღებად თებერვლის დასაწყისიდან? ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 20 იანვრის მდგომარეობით, კოვიდპაციენტთათვის განკუთვნილი 8 358 საწოლიდან, ნახევარზე მეტი, 4 443 საწოლი, უკვე დაკავებულია. ინტენსიურ მკურნალობას გადის 1010 პაციენტი. რეანიმაციაში მკურნალობს 276 ინფიცირებული. თავისუფალია ხელოვნური სუნთქვის 492 აპარატი. ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ქვეყანას მაქსიმუმ 12 ათასამდე საწოლის მომზადება შეუძლია.

„ომიკრონის“ აღმოცენებასთან ერთად გაჩენილი მოსაზრებები და მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა „ომიკრონი“ COVID19-ის ერთ-ერთი ბოლო შტამი და პანდემიის დასასრული ყოფილიყო, 18 იანვარს შეიძლება ითქვას, რომ გააქარწყლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანო ღებრეისუსმა. COVID-19-ის პანდემია "დასრულებასთან ახლოსაც არ არის", - უთხრა მან ჟურნალისტებს ჟენევაში, WHO-ის შტაბ-ბინაში:

"საშუალოდ, "ომიკრონი" შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. არ შეგეშალოთ, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს და ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც იწვევს ჯანდაცვის სამსახურების გადატვირთვას", - თქვა მან.

ტედროს ადჰანო ღებრეისუსი
ტედროს ადჰანო ღებრეისუსი

მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსი განცხადებისა, 26 იანვრიდან დიდი ბრიტანეთი კოვიდის გავრცელების პრევენციის მიზნით აქამდე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. მაგალითად, უქმდება მოთხოვნა დახურულ სივრცეებში ნიღბების ტარების აუცილებლობაზე. უქმდება დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია. სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, ღამის კლუბებსა თუ სხვა გასართობ სივრცეებში შესასვლელად, მოქალაქეებს აღარ მოსთხოვენ მწვანე ბარათის წარდგენას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ შეზღუდვების გაუქმებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ დღეს, დიდი ბრიტანეთის 83,5% აცრილია კოვიდ ვაქცინის 2 დოზით. დიდმა ბრიტანეთა აწარმოა „ბუსტერ“ დოზის მიღების უპრეცედენტო კამპანია და 19 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ ვაქცინის მესამე დოზით აცრილია მოსახლეობის 63,7%:

ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

„ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ კვლავ ზამთრის „ლოკდაუნი“ აირჩია. ბევრმა ქვეყანამ დახურა ღამის კლუბები, რესტორნები. დააწესეს შეზღუდვები სტადიონებზე შესასვლელად, უარი თქვეს სოციალური დისტანციის გაუქმებაზე. მაგრამ ჩვენმა მთავრობამ სხვა გზა აირჩია. ჩვენ ინგლისს გახსნილად ვაცხადებთ“, - სწორედ ამ განცხადებით მიმართა 19 იანვარს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონის განცხადებით, ეროვნული სტატისტიკის 19 იანვრის ოფისის მონაცემებით, ინგლისში ინფიცირების მაჩვენებელი ეცემა. ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების რიცხვიც. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, დიდი ბრიტანეთი ყოველდღიური ინფიცირების ახალ რეკორდებს ხსნიდა, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის მასშტაბით, COVID19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მასობრივი გავრცელებით.

„ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ჯერჯერობით, შეზღუდვების დიდი ბრიტანეთის მსგავსად შემსუბუქებას არ გეგმავს მაგალითად, გერმანია, ნიდერლანდი, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, ბელგია, თურქეთი, შვეიცარია, ფინეთი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 6351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ჩატარდა 38 306 ტესტი. თუკი 19 იანვარს, ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 13.72%-ს შეადგენდა, 20 იანვრის მონაცემებით, ეს პროცენტი თითქმის სამი ერთეულით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG