შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა კიდევ ერთი კურატორი, ნანა ბურჭულაძე გაათავისუფლა სამსახურიდან. ნანა ბურჭულაძე მუზეუმში არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და შუა საუკუნეების ფონდის მთავარი კურატორი იყო.
"ჩვენ გვქონდა ცოტა ხნის წინ გასაუბრება, ყველა თანამშრომელი იყო დაბარებული ნაკრები კომისიის წინაშე, რომელიც შედგებოდა მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან. საუბარი იყო პროფესიულ საკითხებზეც და კითხვები შეეხებოდა ახალი ხელმძღვანელობის კურსსაც. დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ რეორგანიზაციის ფარგლებში და ჩემი ფონდი გადაებარა ბატონ გია მარსაგიშვილს" - უთხრა ნანა ბურჭულაძემ რადიო თავისუფლებას.
ის თვლის, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელობამ მისი საჯარო პოზიციების გამო მიიღეს საკადრო წმენდის ფარგლებში, რომელიც ეროვნული მუზეუმის იდეის მომხრე პროფესიონალებისგან მუზეუმის დაცლას ემსახურება.
"გასაუბრების დროს პირდაპირ დაგვისვეს კითხვები: რატომ არ ემხრობით ამ ცვლილებას? რატომ ხართ მომხრე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არსებობის? რას ფიქრობთ ახალ ხელმძღვანელობას? პეტიციაზე ხელის მოწერა და მედიასთან აქტიურობაც შემახსენეს" - ამბობს ნანა ბურჭულაძე.
13-14 იანვარს ხელოვნების მუზეუმიდან 3 კურატორი გაათავისუფლეს. 13 დეკემბერს ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. მუზეუმის ხელმძღვანელი, ნიკა ახალბედაშვილი არ პასუხობს სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს.
ხელოვნების მუზეუმი, მას შემდეგ რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა და მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, არაერთმა თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. თანამშრომელთა ნაწილი ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები ნიკა ახალბედაშვილს არაეთიკურ კომუნიკაციასა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.