შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადაყვანილი, დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა ორი ფონდის კურატორი, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე გაათავისუფლა. როგორც ნინო ხუნდაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ გათავისუფლების ბრძანება დოკუმენტის სახით არ გადასცემიათ, გადაწყვეტილების შესახებ მუზეუმის თანამშრომლებს დირექტორმა პირადად, სიტყვერად დღეს ამცნო, შესაბამისად, დეტალების თქმა, რომელი რიცხვიდან ან რა მიზეზით არიან გათავისუფლებულები, არ შეუძლია.
ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი იყო. ორივე ფონდი ათასობით ნამუშევარს აერთიანებს. ნიკა ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით ფერწერისა და გრაფიკის ფონდი მისი გათავისუფლების შემდეგ ქანდაკების ფონდის კურატორის მეთვალყურეობაში გადავა.
ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე, მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორია. მისი ფონდი ნინოს გათავისუფლების შემდეგ ოქროს ფონდთან ერთიანდება, ამ ფონდების ხელმძღვანელი გია მარსაგიშვილი იქნება.
ხელოვნების მუზეუმი, მას შემდეგ რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა და მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, არაერთმა თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. თანამშრომელთა ნაწილი ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები ნიკა ახალბედაშვილს არაეთიკურ კომუნიკაციასა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.
დღეს მუზეუმიდან გათავისუფლებული ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ მუზეუმის ახალ დირექტორს ახალი წლის წინ ჰქონდა თანამშრომლებთან ინდივიდუალური შეხვედრა, სადაც მათ დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ამცნო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა რეორგანიზაციაში. ამავე შეხვედრაზე მუზეუმის ხელმძღვანელი დაინტერესდა, რატომ არ წერდა მუზეუმის ადმინისტრაციას და კულტურის სამინისტროს წერილებს იმის შესახებ, რომ მუზეუმის ფონდებიდან რამდენიმე ნამუშევარი ადგილზე არ იყო. ნინო ხუნდაძის თქმით, საუბარია მუზეუმიდან გასული საუკუნის 50-იან და 80-იან წლებში გატანილ ნამუშევრებზე, რომელთა მუზეუმში არყოფნაც არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს.
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები ამ დრომდე ისტორიულ, ავარიულ შენობაში რჩებიან - მინისტრის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცებული ევაკუაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელოვნების მუზეუმი 2022 წლის თებერვალში სრულად ახალ, ალტერნატიულ სივრცეში უნდა გადასულიყო, ვერ სრულდება.
რადიო თავისუფლება შეეცადა, ხელოვნების მუზეუმის ახალი მენეჯმენტისგან მიეღო პასუხი გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. ნიკა ახალბედაშვილმა არც სატელეფონო ზარებს და არც სმს შეტყობინებას არ უპასუხა, მისმა მოადგილე ნელი კობიაშვილმა კი გვითხრა, რომ ეროვნულ გალერეაში გამოფენის გახსნაზე იმყოფება და არაფერი იცის ფონდების კურატორების გათვისუფლების შესახებ.