"სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. ორგანიზაციის დაკვირვებით, ეს გვერდები მმართველი პარტიის სასარგებლოდ წარმართავენ დისკუსიას. ISFED-ი ფეისბუკ-აქტივობებს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიმდინარე განხილვების პარალელურად აკვირდებოდა.
"საინფორმაციო კამპანია მიმართულია საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება", - აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე ვკითხულობთ, რომ თოლორაიას წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში პროსახელისუფლებო ექსპერტების შეფასებებია მოყვანილი:
"აღნიშნული პოსტების მიზანია, ლონდა თოლორაია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირად წარმოჩნდეს, რისთვისაც კომპრომატად გამოყენებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი პროკურორად მუშაობა და ინსტაგრამზე ყოფილი მთავარი პროკურორის, დავით საყვარელიძის, პოსტის მოწონება".
"სამართლიანმა არჩევნებმა" აღმოაჩინა, რომ დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობდა ფეისბუკ-გვერდებზე "პოლიტიკური სატირა" და "პოლიტიკური აბსურდიც", სადაც ის "ადეიშვილის ყოფილ პროკურორად" არის მოხსენიებული - "ხსენებული გვერდები ანონიმურია, შესაბამისად, უცნობია ვინ დგას დასპონსორებული კამპანიის უკან".
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ანონიმურ ფეისბუქ გვერდებზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ცხადყოფს, რომ მისი დისკრედიტაცია ამჟამად ოპოზიციონერის, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადების და სახელისუფლებლო ექსპერტების მოსაზრებების გავრცელების ხარჯზე მიმდინარეობს, მაშინ როცა, მოქმედი მმართველი პარტიის დეპუტატების შეფასებები პოზიტიურ ჭრილშია წარმოჩენილი და დარწმუნებითი ხასიათისაა, რომ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაჯანსაღებას ემსახურება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"სამართლიანი არჩევნების" მსგავსად თოლორაიას შესახებ აქტივობებს აკვირდებოდა "მითების დეტექტორიც". ორგანიზაციამ ტროლებისა და ბოტების ქცევაზე დაკვირვებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ რამდენიმე გზავნილი გამოავლინა:
- "ლონდა თოლორაიამ კანონპროექტი უკანონოდ მოიპოვა";
- "ინსპექტორის სამსახური არაეფექტიანი, ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტია";
- "ინსპექტორის სამსახური დასავლეთიდან იმართება/დასავლეთი შიდა პროცესებში ერევა";
- "ინსპექტორის სამსახური "ნაციონალების" ინტერესებს ატარებს/ლონდა თოლორაია ადეიშვილის კადრია";
- "ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კადრია და მის დავალებებს ასრულებს".
სტატიაში, ასევე საუბარია, რომ ყალბი ანგარიშების სამიზნე, ლონდა თოლორაიასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კრიტიკულად საუბრობდნენ.
"ყალბი ანგარიშები შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების: რადიო თავისუფლება, Interpressnews.ge, ტაბულა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე მადისკრედიტირებელ კომენტარებს ტოვებდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 29 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად კიდევ ორი კენჭისყრა და პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
პროექტის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები სამსახურის გარეშე არ დარჩებიან.
საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს ("სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე") დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობს, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.