Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მითების დეტექტორი" ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ ტროლების გააქტიურებაზე საუბრობს


"მითების დეტექტორი" - "მედიის განვითარების ფონდის" პროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებში ტროლებისა და ბოტების აქტივობებს აკვირდება, აქვეყნებს მასალას, რომელშიც საუბარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ "ფეისბუკში" დისკრედიტაციის კამპანიას ეწევიან. "სოციალურ ქსელებში" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დისკუსიაში ორგანიზაციამ რამდენიმე გზავნილი გამოავლინა:

  1. "ლონდა თოლორაიამ კანონპროექტი უკანონოდ მოიპოვა";
  2. "ინსპექტორის სამსახური არაეფექტიანი, ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტია";
  3. "ინსპექტორის სამსახური დასავლეთიდან იმართება/დასავლეთი შიდა პროცესებში ერევა";
  4. "ინსპექტორის სამსახური "ნაციონალების" ინტერესებს ატარებს/ლონდა თოლორაია ადეიშვილის კადრია";
  5. "ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კადრია და მის დავალებებს ასრულებს".

სტატიაში, ასევე საუბარია, რომ ყალბი ანგარიშების სამიზნე, ლონდა თოლორაიასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კრიტიკულად საუბრობდნენ.

"ყალბი ანგარიშები შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების: რადიო თავისუფლება, Interpressnews.ge, ტაბულა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე მადისკრედიტირებელ კომენტარებს ტოვებდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.

"მითების დეტექტორმა" ასეთი 12 ყალბი ანგარიში აღმოაჩინა, საიდანაც:

  • 4 ყალბი ანგარიში პროფილზე სხვა ადამიანების ფოტოს იყენებს, 8 კი იდენტობას მალავს;
  • 1 ანგარიში ახალშექმნილია;
  • 2 ანგარიშს პროფილის ბმულში განსხვავებული დასახელება აქვს მითითებული;
  • 2 ყალბი ანგარიში (ნინი ამირეჯიბი, დაათ ცაბაძე) მადისკრედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართული.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 29 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად კიდევ ორი კენჭისყრა და პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

პროექტის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინპექტორის სამსახური გაუქმდება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები სამსახურის გარეშე არ დარჩებიან.

საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს ("სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე") დაჩქარებული სახით განიხილავს. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობს, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

XS
SM
MD
LG