Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფხაზეთი აუქციონზეა გამოტანილი“ - ვისია ბიჭვინთის ფიჭვებში მშენებარე „მოსკოვი რიზორთი“?


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩევის 27 დეკემბრის განცხადებას, რომლის თანახმად, ბიჭვინთაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების გრანდიოზული კომპლექსი „მოსკოვი-რიზორთი“ აშენდება.

ტკაჩევის სიტყვებით, რომელიც ამ პროექტის მენეჯერია, 45 ჰექტარი ფართობის მიწა ის „უნიკალური ადგილია“, რომელიც მათ შეისყიდეს და რომელიც ნამდვილად იმსახურებს ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას.

ტკაჩევის ამ განცხადებას აფხაზურ სოცქსელებში მყისიერი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა და გამოითქვა ვარაუდიც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს ტერიტორია მას უკანონოდ გადასცა.

ამას ისიც დაემატა, რომ მოგვიანებით, ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ცნობების თანახმად, ტკაჩევის ამ განცხადების შემცველი რეპორტაჟი ტელეკომპანია „აბაზას“ სოციალური ქსელებიდან წაიშალა.

რეაქცია ჰქონდა აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანება "AIAAIRA“-საც, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ტკაჩევის განცხადების განმარტება მოითხოვა. ისინი არც საპროტესტო აქციებისა და ეროვნული შეკრების გამართვას გამორიცხავენ, ხოლო მათ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ წინააღმდეგი ვართ უძრავი ქონების და მიწის გაყიდვის. ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ საუბარი იყო არა უძრავი ქონებისა და მიწის გაყიდვაზე, არამედ მხოლოდ ინვესტორების მოზიდვაზე. სინამდვილეში, მიმდინარეობს კოლოსალური მასშტაბით ჩვენი მიწებით ვაჭრობა, აფხაზეთი გასაყიდად აუქციონზეა გამოტანილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ეს მიწა აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრებაა და ის ყიდვა-გაყიდვას არ ექვემდებარება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბესლან კუბრავამ აფხაზურ ტელევიზიას განუცხადა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ადრე ყოფილი სსრკ სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის დაუმთავრებელი პანსიონის კომპლექსი იყო.

"მოსკოვი რიზორთის" პრეზენტაცია
"მოსკოვი რიზორთის" პრეზენტაცია

კუბრავა ამბობს, რომ 2006 წლის 6 ოქტომბერს მათ მიიღეს კანონი „სსრკ ყოფილი სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის დაუმთავრებელი პანსიონის შესახებ“ და ეს ტერიტორია გადაეცა მოსკოვის მერიას, რომელსაც მაშინ იური ლუჟკოვი ხელმძღვანელობდა.

„ეს ქონება მოსკოვის მერიას გადავეცით საკუთრებაში... „მიწის შესახებ კანონის“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, როცა კონკრეტულ მფლობელს შენობა გადაეცემა, მიწაც, რომელზეც ის დგას, რა თქმა უნდა, გადადის უვადო სარგებლობაში. ანუ მათ მუდმივი სარგებლობის უფლება აქვთ... დიდი ალბათობით, (ტკაჩოვთან არ მილაპარაკია და არ მინახავს ეს მასალები), ის (ტკაჩოვი) გულისხმობდა, რომ მათ (მოსკოვის მერიამ - რედ.) ტკაჩოვსა და მის ორგანიზაციას ამ მიწის შეუზღუდავი გამოყენების უფლება მიანიჭა. მე ეს საკითხი ასე გავიგე. კლასიკური გაგებით მიწის გაყიდვაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა კუბრავამ.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „მოსკოვი რიზორთის“ პროექტის პრეზენტაცია აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის საკონფერენციო დარბაზში 27 დეკემბერს გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დაიწყება, სამ წელიწადს გასტანს და ის 45 ჰექტარ ფართობზე განთავსდება ზღვის სანაპიროსთან, ბიჭვინთის ფიჭვნარის დასავლეთ ნაწილში.

ამბის გახმაურების შემდეგ შპს „მოსკოვი რიზორთმა“ განაცხადა, რომ ბიჭვინთის მიწის ნაკვეთი, რომელზეც სასტუმროსა და ბინების კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, კომპანიას იჯარით გადაეცა, რომ ალექსანდრ ტკაჩევის სიტყვებს „არასწორი ინტერპრეტაცია“ მოჰყვა და რომ მისი კომენტარი „კონტექსტიდან ამოგლიჯეს“.

„2006 წელს, აფხაზეთის რესპუბლიკასა და მოსკოვის მთავრობას შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, სახალხო კრებამ - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო სპეციალური ცალკე კანონი, რომლის მიხედვითაც, სსრკ ყოფილი სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის პანსიონატის დაუსრულებელი მშენებლობა გადაეცა მფლობელობაში კომპანიას, რომელიც წარმოადგენდა მოსკოვის მთავრობას. ქონებრივ კომპლექსთან ერთად ამ კომპანიამ მიიღო მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლებაც, რომელზედაც იგეგმება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. შემდგომში, ამ კომპანიამ ეს კომპლექსი პირდაპირ მოსკოვის მთავრობას მიჰყიდა. ობიექტის მფლობელმა ადგილზე არსებული ამორტიზებული ყველა შენობა-ნაგებობა დაანგრია. ხოლო 2021 წელს შპს „მოსკოვი რიზორთმა“ მოსკოვის მთავრობას აუნაზღაურა ყველა ადრე გაწეული ხარჯი ინფლაციის გათვალისწინებით, რითაც მოიპოვა პროექტის შემდგომი განხორციელების უფლება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს „მოსკოვი რიზორთი“ ასევე განმარტავს, რომ ის რეგისტრირებულია აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის სრული დაცვით და რომ კომპანიის დამფუძნებლები და მენეჯმენტი, ყველა, გამონაკლისის გარეშე, არის „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე“.

„შესაბამისად, ძალიან ფრთხილად ვეპყრობით ჩვენს ბუნებას, რაც, რა თქმა უნდა, ჩანს 27 დეკემბერს წარმოდგენილ პროექტში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრ ტკაჩევისგან ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ პროექტში დაახლოებით 20 მილიარდი რუბლის ინვესტიცია ჩაიდო, რომ „მოსკოვი რიზორთი“ იქნება 700 საწოლიანი სასტუმრო, ხოლო მიმდებარედ აშენდება ათასსაწოლიანი აპარტამენტები.

პროექტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს - დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ აფხაზეთის მთავრობას გაუჭირდება დამოუკიდებლად ეკონომიკის წინ წაწევა ინვესტიციების მოზიდვის გარეშე და რომ საჭიროა, ზოგადად, ,,ინვესტიციების“ იდეა დაიცვან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი პროექტს აფხაზეთისთვის „უპრეცედენტო“ უწოდა.

აფხაზურ სოცქსელებში ამ ამბავს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა:

„ჩვენი ახალგაზრდები მიწაში იმიტომ ჩავდეთ, რომ დღეს ტკაჩოვმა და სხვებმა, ვინც 16 წელია ბლოკადაში გვამყოფებენ, ჩვენი დაცული ტერიტორიები იყიდონ და იქ ააშენონ თავიანთი სასტუმროები? მერე კი ცოტა მოგვიანებით, კი ისე მოიქცევიან, როგორც სოჭში ოლიმპიადის დროს - გააძევებენ ყველა იქ მცხოვრებს მთებში და თავად ფულს იშოვიან“, - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

აი, რას ამბობს „ეხო კავკაზასთან“ საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის თანამშრომელი ახრა არისტავა:

„ჩვენ რუსეთთან გვაქვს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ცხადია, ინვესტიციებიც საჭიროა, ჩვენ გვჭირდება ამ დონის სასტუმროც, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსული და აფხაზური ბიზნესისთვის თანაბარი პირობები უნდა არსებობდეს. ვხედავთ, რომ რუსულ ბიზნესს აქვს წვდომა გრძელვადიან და უფრო დაბალ საბანკო სესხებზე, ჩვენს ბიზნესს კი არა. გამოდის, რომ პირობები არათანაბარია“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აფხაზეთში მიწის გაყიდვის შიში უსაფუძვლოა, რადგან ასეთი შეთანხმებას სამართლებრივი ძალა არ ექნება.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

მისი სიტყვებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დღესაც შეუძლია ყველას ჩამოართვას ქონება, რაც დღეს სხვების მფლობელობაშია, რადგან „ეს ყველაფერი პირობითია“.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დღეს აფხაზეთში არსებული ქონება ახალ მფლობელებს გადაეცემათ იჯარით (50 წლით) და ფორმდება, როგორც წესი, აფხაზეთის რომელიმე წარჩინებული გვარის თუ კომპანიის სახელზე.

მისი სიტყვებით, მართალია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით, გაგრასა და ბიჭვინთაში, ბოლო დროს, ბევრი მაღალი კლასის სასტუმრო შენდება, თუმცა ყველა ეს მიწა არის დაუკანონებელი:

„ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი შეიძლება გაუქმდეს, თუმცა, ცხადია, ეს ასე იოლად ვერ მოხდება. კანონით ეს მიწები არის სახელმწიფოსი, რომელიც ამ მიწას გასცემს მხოლოდ იჯარით სარგებლობის უფლებით“.

„მოსკოვი რიზორთის“ შემთხვევაშიც, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, - შენობა, რომელიც იქ ადრე იდგა, შეუძლია იყიდოს რუსეთის მოქალაქემ, მაგრამ ის მიწა, რომელზეც დგას ეს შენობა, ეკუთვნის სახელმწიფოს.

„ზოგადად, ცარიელ მიწაზე მშენებლობის წამოწყება რთულია, რადგან ეს ყოველთვის ხმაურს გამოიწვევს, ამიტომ ეძებენ ხოლმე ისეთ ადგილებს, სადაც შედარებით ამორტიზებული შენობები დგას, რომელსაც დაანგრევენ და იქ რაიმე ახალი კომპლექსი აშენდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა ზაქარეიშვილმა.

„ეხო კავკაზას“ მიხედვით მასალა მოამზადა ეკა ქევანიშვილმა.

XS
SM
MD
LG