Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ექიმი გორის ჰოსპიტალში მკურნალობს


პატიმრობაში მყოფი ექსპეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰიპერტონული კრიზით - არტერიული წნევის მკვეთრად მომატების შედეგად შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემით - გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ექიმის მეუღლე, ნუგზარ გოგორიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ცოლი წუხელ სახლში არ დაბრუნებულა და მას კლინიკაში აკვირდებიან.

"სანამ წნევა სრულად არ დარეგულირდება, ვარაუდობენ კლინიკაში დარჩება. ვარაუდობენ, რომ კიდე ორი-სამი დღე ჰოსპიტალში გააგრძელებენ დაკვირვებას", - ამბობს ნუგზარ გოგორიშვილი.

ნინო გოგორიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, მალხაზ ურთმელიძემ მედიასთან გუშინ, 28 დეკემბერს ისაუბრა. როგორც დირექტორმა თქვა, ექიმი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

"ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დაწერილ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში... ტექსტზე ხელის მოწერის შემდეგ, მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით", - ეწერა ნინო გოგორიშვილის სახელით დაწერილ განცხადებაში, რომელიც მედიას კლინიკის დირექტორმა გააცნო.

თავად ნიკა გვარამია ითხოვდა ამოეღოთ კლინიკის ვიდეოჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა "ზეწოლა როგორ ჰქონდა შუა ჰოსპიტალში".

"ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე", - თქვა გვარამიამ.

27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. 28 დეკემბერს კი სააკაშვილთან შევიდა მისი ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელმაც მის მკურნალ ექიმთან გამოკითხვის ოქმი შეადგინა.

"რეკომენდაცია გადაყვანაზე უარყოფითია. დღეის მდგომარეობით პაციენტის გადაყვანა დაუშვებელია. ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაში", - ამბობდა გვარამია მკურნალ ექიმზე დაყრდნობით.

სწორედ ამ განცხადების ეთერში გაჟღერების შემდეგ ისურვა მედიასთან საუბარი გორის ჰოსპიტლის დირექტორმა და გვარამიას მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბარი.

XS
SM
MD
LG