Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი წყვეტს საქართველოს არჩევანს? - როცა კრემლი საზღვრებს ნატოსაც "უწესებს"


ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში, 2019 წელი
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში, 2019 წელი

მაშინ, როცა კრემლი ნატოსთვის წითელი ხაზების დაწესებას ცდილობს და ალიანსში უკრაინა-საქართველოს გაწევრიანებაზე გარანტირებულ უარს ითხოვს, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის  მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 21 დეკემბერს საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ რუსეთთან არაფორმალური დიალოგის ფორმატმა ხელი შეუწყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და უვიზო მიმოსვლასაც კი.

22 დეკემბერს ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან თავისი განცხადების შინაარსი განმარტა, მაგრამ ამან მაინც ვერ შეცვალა თავდაპირველი შთაბეჭდილება და შეშფოთება, რომ საქართველომ რუსეთს საკუთარ საქმეებში ჩარევის საშუალება მისცა.

  • კონკრეტულად რა თქვა ზურაბ აბაშიძემ და რა არის სახიფათო ან მიუღებელი საქართველოს ინტერესებისთვის?
  • ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე ვეტოს დადების აღიარებას?
  • რა ამოძრავებს რუსეთს სამეზობლო რეგიონში და რა გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით?

რუსეთი წყვეტს საქართველოს არჩევანს?

რუსეთ-საქართველოს არაფორმალური დიალოგის, ე.წ. „პრაღის ფორმატის“ ფარგლებში ზურაბ აბაშიძე უკვე 2012 წლიდან რეგულარულად ელაპარაკება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს და ის თვლის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდის გარდა, ეს დიალოგი სასარგებლოა საქართველოს ევროატლანტიკურ მიზნებისთვისაც.

22 დეკემბერს ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ წინა დღით, 21 დეკემბერს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ასეთი რამ თქვა:

„2014 წელს გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, 2017 წელს ევროკავშირთან მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი... ჩვენი აზრით, [რუსეთთან] ამ არაფორმალურმა დიალოგმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო ამ მიღწევებს“.

რას გულისხმობს ის? რატომ და რა სახით საჭიროებდა საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება რუსეთთან შეთანხმებას?

ზურაბ აბაშიძე გვეუბნება, რომ ამ განცხადებით მან არა საკუთარი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები დააფიქსირა.

„როდესაც კონსულტაციებს გავდიოდით დასავლელ პარტნიორებთან, ისინი ასე ხედავდნენ, ასე აფასებდნენ, რომ ეს [არაფორმალური] დიალოგი და მეორე მხრივ, ჟენევის მოლაპარაკებები, ხელის შემწყობი ფაქტორი იყო კერძოდ ამ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა...

ასეთი ურთიერთობები მე ყოველთვის მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან... ბრიუსელში ვარ ნამყოფი, იქ მქონდა შეხვედრები... რამდენიმე წლის წინ ვიყავი აშშ-შიც... აქ სულ მაქვს ურთიერთობები საელჩოებთან... მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ასეთი აზრთა გაცვლა-გამოცვლა... შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კოლექტიური მოსაზრება ჩამოყალიბდა მაშინ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ აბაშიძემ.

რა აინტერესებდა რუსეთს? რაში გახდა საჭირო მისი დარწმუნება? რა გზით მოახერხეს მისი დარწმუნება?

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გვეუბნება, რომ საკითხი წმინდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა და "გასაკვირი არ არის, რომ რუსეთს შეკითხვები ჰქონდა" საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით.

„იყო კითხვები, როგორ იმოქმედებდა ეს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რა პრობლემებს გამოიწვევდა ეს ორმხრივ ურთიერთობებში; ხომ არ იქმნებოდა რაღაც ახალი რეალობა, რაც რუსეთისთვის გასათვალისწინებელი იყო - ვთქვათ, ხომ არ მოხვდებოდა საქართველოს გავლით რუსეთში ისეთი პროდუქცია, რაც სირთულეებს შექმნიდა სავაჭრო ურთიერთობებში... ჩვენ ჩავატარეთ კონსულტაციები და მოიხსნა მრავალი პრობლემა, ის კითხვები, რაც არსებობდა ამ კუთხით“, - ამბობს აბაშიძე.

აღიქვამთ თუ არა ამას ერთგვარ ჩარევად საქართველოს საქმეებში რუსეთის მხრიდან?

ამ შეკითხვაზე პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პასუხია, რომ „ჩვენ წიგნებში არ ვცხოვრობთ“, „ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში“, „გვაქვს რეალური ურთიერთობები, რეალური ვაჭრობა“ და „ამ რეალობის გათვალისწინება ხდება ყველგან და ყველაფერში“.

"ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ისევ პირვანდელ აზრზე რჩება.

ის, რაც ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში თქვა, ვანო ჩხიკვაძისთვის სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ ღიად გაცხადებულ პოზიციასთან, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებებსა და არჩევანს.

„ახლახან ეს თქვა, მაგალითად, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომ ნატოს გაფართოების საკითხებზე რუსეთს არა აქვს ვეტოს უფლება... ამას მუდმივად ამბობენ ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც...

ზურაბ აბაშიძემ არა პირდაპირ, მაგრამ ფაქტობრივად თქვა, რომ - თუკი რუსეთს არ დავითანხმებდით, ის ხელს შეგვიშლიდა ასოცირების შეთანხმების გაფორმებაში და უვიზო რეჟიმის შემოღებაში. უვიზო რეჟიმი საერთოდ რა შუაშია, არ მესმის... გამოდის, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვანო ჩხიკვაძე და იქვე დასძენს, რომ ასეთი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს გარკვეულ სკეპტიციზმს და შემდეგ არასამთავრობო სექტორსა თუ მედიას უძნელდება საპირისპიროში ხალხის დარწმუნება.

„კულუარებში კიდევ შესაძლებელია“, მაგრამ მისი შეფასებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი პარლამენტში ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და მით უფრო ახლა, როცა „უკრაინის გარშემო ასეთი დაძაბულობაა და რუსეთი ულტიმატუმებით მიმართავს ნატოს, რომ აღარ უნდა გაფართოვდეს“, - გვეუბნება ჩხიკვაძე.

რა უნდა რუსეთს?

მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი რუსეთი მიიღებს იმას, რასაც აშშ-სა და ნატოს სთხოვს, ექსპერტთა აზრით, საქართველო აღმოჩნდება 1921 წლის რეალობაში, ანუ რუსეთის სრული ზეგავლენის ქვეშ და შესაძლოა, მხოლოდ სიმბოლური დამოუკიდებლობაღა შერჩეს.

„ეს სრული კატასტროფა იქნება დამოუკიდებელი უკრაინისთვის და დამოუკიდებელი საქართველოსთვის... აღარ ექნება მნიშვნელობა - ოფიციალურად გერქმევა თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო და გექნება თუ არა შენი საკუთარი დროშა... შენ აღარ იქნები დამოუკიდებელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

მას შემდეგ, რაც მრავალჯერ მოითხოვა და უარიც მრავალჯერ მიიღო, რუსეთმა დასავლეთისგან ახლა უკვე წერილობითი პირობის ჩამორთმევა გადაწყვიტა.

წინმსწრებად და ცალმხრივად მომზადებულ შეთანხმებათა პროექტებში, რომლებიც 17 დეკემბერს გამოქვეყნდა, რუსეთი აშშ-სა და ნატოსგან პირდაპირ მოითხოვს:

  • ნებაყოფლობით თქვან უარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში არ მიიღონ უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. ამ არეალში შედის საქართველოც.
  • ასევე უარი უნდა თქვან ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის სამხედრო საქმიანობაზე.

ამ დროს რუსეთის არმიის 100 ათასამდე ჯარისკაცი უკვე დგას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და დასავლეთისთვის რეალურია რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის საფრთხე ნაწილობრივ ისედაც ოკუპირებული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ნატო და აშშ მზადყოფნას გამოხატავენ რუსეთის მიერ შემუშავებული „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებული წინადადებების განსახილველად. მაგრამ ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც ხაზგასმით აღნიშნავენ:

  • რუსეთის მიერ წამოყენებული საკითხის განხილვა ნატოელ მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა მოხდეს;
  • ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა ემყარებოდეს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და მოლაპარაკებებამდე რუსეთმა უნდა მოხსნას ყველანაირი დაძაბულობა უკრაინასთან მიმართებით;
  • რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან, მის მიერვე ხელმოწერილი საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, ნებისმიერმა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს „საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები“. მინისტრმა პრაქტიკულად გამორიცხა, რომ რუსეთი მიაღწევს მიზანს - დაყოს მსოფლიო გავლენის ზონებად.

„გავლენის სფეროები - მე ვციტირებ ნატოს გენერალურ მდივანს - არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და მისი განმეორება არ მოხდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო რუსეთის ულტიმატუმებს რომ არ მიიღებს, ამაში დარწმუნებულია ზურაბ ბატიაშვილიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხედავს საფრთხეებს, რომ „ერთი მხრივ, რუსეთი დასავლეთისგან შემდეგ უფრო მეტ დათმობას მოითხოვს“, ხოლო მეორე მხრივ, „ეს დაარტყამს პრესტიჟს და ზოგადად ღირებულებებს, რაზეც დასავლეთი დგას“.

თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და აქვე, პრობლემად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ამ მხრივ შექმნილ „სახიფათო ვითარებას“ სათანადოდ არ აცნობიერებენ საქართველოში.

მაგალითად, როგორც ამბობს, ბატიაშვილი გააკვირვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ 21 დეკემბერს ნათქვამმა სიტყვებმა.

„მოსმენილი ინფორმაცია მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უსაფრთხოების გარემო საქართველოს ირგვლივ არის გაუარესებული“, - განაცხადა სამხარაძემ კომიტეტში გამართული სწორედ იმ შეხვედრის შემდეგ, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს საგრძნობ გაუარესებაზე. ლაშა დარსალიამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ნაბიჯებზე და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანის შეზღუდვის დესტრუქციულ მცდელობებზე, რაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაზე თავდასხმას და ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უმწვავეს საფრთხეს წარმოადგენს“, - ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ბატიაშვილი თვლის, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეს ამბები აქამდეც უნდა სცოდნოდა და პირველი შთაბეჭდილებები ამ შეხვედრაზე არ უნდა შეჰქმნოდა. ასევე ბატიაშვილი პრობლემად მიიჩნევს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატის ინერტულობას.

ნიკოლოზ სამხარაძე საჭიროდ არ თვლის, რომ საქართველომ რეაგირება მოახდინოს, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ 21 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ნატოში შესვლა არ უნდა და ეს საკითხი აქტუალური არ არის.

„პრესასთან გამოსვლის შემდეგ ლავროვი რა განცხადებასაც გააკეთებს, ამაზე ყოველ ჯერზე ჩვენ ნოტები ვაფრინოთ, საჭირო არ არის. ყველამ კარგად იცის, რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა", - უთხრა სამხარაძემ ჟურნალისტებს.

კრემლის მუქარა და დაძაბულობა რეგიონში

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ნატოს ქვეყნები რუსეთს ეკონომიკური სანქციებით ემუქრებიან.

თუმცა ამ სახის მუქარას მუდმივად დასცინიან კრემლის ინტერესების გამტარებელი რუსული ტელეარხები. ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობს „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ ერთ-ერთი წამყვანი ოლგა სკაბეევა, რომელსაც „პუტინის რკინის თოჯინასაც“ კი ეძახიან. ის ხშირად იმეორებს, რომ პუტინს არაფერი დააკლდება, თუკი, მაგალითად, საფრანგეთში საყიდლებზე ვეღარ ივლის.

სკაბეევა ხშირად აქილიკებს ნატოს ქვეყნების მოქმედ თუ ყოფილ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთის შეკავების გადაუდებელ აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. 20 დეკემბერს მათ რიგში მოექცა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც, რომელმაც, კრემლის შორსმავალ ზრახვებზე საუბრისას, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომი ყირიმის ანექსიასთან ერთად ახსენა.

დაცინვის გარდა, სკაბეევა ომითაც იმუქრება და უკრაინის გაქრობაზეც ლაპარაკობს.

„რუსეთმა ამერიკა ჩააყენა „ზუგზვანგში“ [ჭადრაკში, როცა ყველა სვლა წამგებიანია] - ან ისინი ნებაყოფლობით იხევენ უკან, ანდა ჩვენ ძალის გამოყენებით ვაიძულებთ უკან დახევას. ამასთან, რუსეთი არ იღებს არანაირ ვალდებულებას უკრაინის და მით უფრო, მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე“, - თქვა მან ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში და ეს სიტყვები საერთაშორისო მედიამ აღიქვა კრემლის განზრახვად, რომ რუსეთის მოქალაქეები საომარი მოქმედებებისთვის მოამზადოს.

ომით ღიად იმუქრება თავად პრეზიდენტი პუტინიც და როგორც მან 21 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე აღნიშნა, ამერიკას უკრაინის დახმარებას არ შეარჩენს.

„ეს ხომ არ ხდება რუსეთის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში; ეს ჩვენი სახლის ზღურბლთან ხდება... ისინი შეაიარაღებენ ექსტრემისტებს და უბიძგებენ რუსეთისკენ მეზობელი ქვეყნიდან... ჰგონიათ, რომ ვერ ვხედავთ ამ საფრთხეებს?! თუ ფიქრობენ, რომ მშვიდად ვუყურებთ რუსეთის წინააღმდეგ შექმნილ საფრთხეებს?!“, - თქვა პუტინმა.

პუტინის ბოლოდროინდელ მდგომარეობასა და განცხადებებს სახიფათოდ თვლის მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი.

ტვიტერზე მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ:

„პუტინის მიერ რეალობის დამახინჯებული ხედვა მას აქცევს გადაწყვეტილებების მიმღებ არა რაციონალურ, არამედ ემოციურ ფიგურად. არ არის ეს კარგი“.

შვეციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, კარლ ბილდტისთვის შემაშფოთებელია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ შოიგუს მიერ 21 დეკემბერს პუტინის თანდასწრებით, კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ „ქალაქებში - ავდიივკასა და კრასნი ლიმანში შეტანილია დაუდგენელი ქიმიური კომპონენტის რეზერვები“.

ბილდტი შიშობს, რომ რუსეთი ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ტყუილს გამოიყენებს „უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის მოტივაციად“.

ასევე შოიგუს ინფორმაციით, დონბასის კონფლიქტის ზონაში იმყოფება ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 130 მებრძოლი, რომლებიც „ქიმიური კომპონენტებით“ პროვოკაციას ამზადებენ.

საერთაშორისო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიაზე თავად მოაწყოს პროვოკაცია, სწორედ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG