ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის სასწრაფოდ ჩატარების იდეით გამოვიდა 21 დეკემბერს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
"ჩვენ მზად ვართ რუსეთთან შინაარსიანი დიალოგისთვის. განზრახული მაქვს, რომ ახალ წელს, რაც შეიძლება სწრაფად მოვიწვიო ნატო-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომა", - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა ემყარებოდეს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უნდა მოაგვაროს რუსეთის ქმედებებით გამოწვეული ნატოს შეშფოთება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზის გაუსვა ამ საკითხში როგორც ნატოს ევროპელ პარტნიორებთან, ისე უკრაინასთან მჭიდრო კონსულტაციის აუცილებლობას.
მანამდე მოსკოვის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების წინადადებების შესახებ აშშ-რუსეთის მოსალოდნელი ორმხრივი მოლაპარაკებების იანვარში გამართვის შესახებ 21 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კარენ დორნფილდმა, განაცხადა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა და მოგვიანებით ნატოს გენერალურმა მდივანმაც გაიმეორა, რომ რუსეთის მაღალი ფასის გადახდა მოუწევს უკრაინის მიმართ ნებისმიერი შემდგომი აგრესიის შემთხვევაში.
რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცის გადასროლასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო.
წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.
18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.
როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.
თავის მხრივ, მოსკოვი კოლექტიურ დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციაში.
„დასავლელი კოლეგების მიერ აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“, - განაცხადა პუტინმა 20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. პუტინმა სამხედრო სარდლობას უთხრა, რომ ნატო აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლას რუსეთის საზღვრებთან.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის გამოსვლაში რუსეთის საფრთხე უწოდა ნატოს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასთან და აღნიშნა, რომ დონბასის კონფლიქტის ზონაში იმყოფება რომელიღაც ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 130 მებრძოლი, რომლებიც, შოიგუს თქმით, „ქიმიური კომპონენტებით“ პროვოკაციას ამზადებენ.
რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.