„ეროვნული თანხმობის პროცესის“ ფარგლებში მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და სალომე ზურაბიშვილი 20-21 დეკემბერს არაერთი პარტიის წარმომადგენლებსა თუ დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს შეხვდა. რიგშია კიდევ ბევრი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი.
პრეზიდენტი შეხვედრებს საზოგადოებრივ ჯგუფებთან და მათ შორის „მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც“ გეგმავს.
პროცესში ჩართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გაგრძელება ენმ-ში მხოლოდ მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში წარმოუდგენიათ. ამ მოთხოვნით 21 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე, ენმ-მა მასობრივი შიმშილობის დაწყებაც გამოაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ კი, რომელიც ახალ ფორმატში ჯერ არ შეხვედრია სალომე ზურაბიშვილს, პოლარიზაციის შემცირების აუცილებელ პირობად ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პოლიტიკიდან წასვლა წარმოუდგენია.
- რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს „ეროვნული თანხმობის“ პროცესი და რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი?
- რა გარანტი არსებობს წარმატებისთვის „შარლ მიშელის შეთანხმების“ წარუმატებლობის ფონზე?
- ვის რა ამოცანები ამოძრავებს?
„პირველ რიგში გადასარჩენია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავიდანვე გააფრთხილა ყველა, რომ დიალოგი წინაპირობების გარეშე დაიწყება, პროცესი ხანგრძლივი იქნება და შედეგებს დღეს და ხვალ არავინ უნდა ელოდოს.
დიალოგში მონაწილეობენ, მაგრამ როგორც „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ხანგრძლივად მოცდის საშუალებას არ იძლევა.
„პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის გარეშე დიალოგი დარჩება კეთილ სურვილად... მესამე პრეზიდენტის პატიმრობა პოლიტიკური მართლმსაჯულების ყველაზე დიდი ნიშნულია და პოლიტიკური მართლმსაჯულება დიდი დაბრკოლებაა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე, მაგრამ პირველ რიგში გადასარჩენია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე... ეს არ არის წლების საკითხი. ეს არის დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი საკითხი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ენმ-ის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ და 21 დეკემბერს ეს პოზიცია მისგან პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მოისმინა.
გადაწყვეტილია, რომ მომდევნო დღეებში პრეზიდენტის სასახლეში, იმავე პოზიციითა და ხედვით, კვლავ მივლენ ენმ-ის სხვა ლიდერები.
პარტია პარალელურად რადიკალურ ნაბიჯებსაც დგამს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სრული შესაძლებლობა აქვს და უფლებამოსილია, შეიწყალოს პატიმარი მესამე პრეზიდენტი, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს დამატებითი კომენტარები აღარ გაუკეთებია დიალოგის პროცესის წამოწყებამდე ნათქვამი სიტყვების შემდეგ - „არა და არასოდეს!“.
16 დეკემბერს, პოლიტიკოსებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე მან უბრალოდ თქვა, რომ „ეროვნული თანხმობის პროცესში“ „არაფერი არ არის გამორიცხული“, რამაც გარკვეული იმედი ჩაუსახა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც.
ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შეიტანს თუ არა "მასობრივი შიმშილობა" რაიმე ცვლილებებს პრეზიდენტის გეგმებში.
თუმცა, თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, ენმ-ის ამ ნაბიჯს კრიტიკოსები ხელისუფლების ოპონენტებს შორისაც გამოუჩნდნენ.
ზოგი მივიდა, ზოგი მივა
ახალი ფორმატის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა: საქართველოს პატრიარქს, მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს (რომელიც ახლა ელოდება მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ნებართვას გორის ჰოსპიტალში), პარლამენტის დამოუკიდებელ ოპოზიციონერ დეპუტატებს, „ლელოს“ ლიდერებსა და ასევე პარტიების - "ხალხისთვის", „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს.
პრეზიდენტის სასახლეში ყველა საკუთარი, ერთმანეთთან შეუთანხმებელი პოზიციით მიდის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც ამ დღეებში უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ანდა თავის რიგს ჯერ ისევ ელოდება, პრიორიტეტულ საკითხად პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების აუცილებლობას ასახელებს.
ენმ-ის მსგავსად, შესაძლოა გადაუდებელ პრიორიტეტად არ გამოყოფენ, მაგრამ უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების ჭრილში განიხილავს.
„თუკი სამართლიანი სასამართლო არ არის ქვეყანაში, მაშინ მსჯავრი პოლიტიკურია, ფაქტია. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური რევანში და ამის ნაწილი იქნებოდა, სამართლიანადაც და ლოგიკურადაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მმართველი პარტიისგან კი რადიო თავისუფლებამ შეიტყო, რომ პრეზიდენტის მიწვევა მათთან ჯერჯერობით არ მისულა.
„ქართული ოცნება“ და „დიაგნოზი“
მართლმსაჯულების პოლიტიზებაზე საუბარი სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტის მიერ წამოწყებული დიალოგიც შედეგიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენია, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულს აღიარებს, ხოლო დამნაშავეები ჩამოშორდებიან პოლიტიკას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ პოლიტიკაში არ უნდა დარჩნენ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ენმ-ის სხვა ლიდერები. კობახიძე ლაპარაკობდა პოლიტიკიდან მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის საჭიროებაზეც.
გასამართლებული პირები პოლიტიკაში რომ არ დარჩნენ, ამას უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი შალვა პაპუაშვილიც ისურვებდა. მაგრამ როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, პოლარიზაციის შესამცირებლად, მინიმუმ ის არის აუცილებელი, რომ ენმ-ი შეიცვალოს.
„პოლიტიკური ველი, სახელმწიფო გულისხმობს რაღაც საერთო წესებზე შეთანხმებას. როცა ფეხბურთს თამაშობ, იქაც წესებია მთავარი... ამ წესებს სახელმწიფოში ჰქვია კანონის უზენაესობა, არჩევნები და ასე შემდეგ. თუ მსაჯის გადაწყვეტილებას არ ემორჩილები, როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი?! ჩვენი პოზიცია ემყარება კონსტიტუციას, კანონს და დემოკრატიულ ჩარჩოს.
რა მომენტშიც „ნაციონალური მოძრაობა" დაუბრუნდება დემოკრატიულ კალაპოტს, ზუსტად იმ წუთში ეს პოლარიზაცია თუ არ გაქრება, მნიშვნელოვნად შემცირდება... როგორ შეიძლება მოილაპარაკო ანტიდემოკრატიულ ძალასთან?!... დიაგნოზი დასმულია უკვე, რომ ამ პოლარიზაციის გამომწვევი არის „ნაციონალური მოძრაობა“, - გვეუბნება პაპუაშვილი.
ამ ახალი დიალოგის დაწყება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ იზიარებს მმართველი პარტიის მიერ დასმულ „დიაგნოზს“?
შალვა პაპუაშვილი გვეუბნება, რომ არ იცის, „იზიარებს თუ არ იზიარებს“ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ამ ხედვას.
თუმცა მას ჰგონია, რომ პრეზიდენტი ახლა ცდილობს „უბრალოდ საუბარს“, რადგან „შესაძლოა, პრობლემას საუბრის ნაკლებობაც აღრმავებდეს“. პაპუაშვილს ეს პროცესი „უფრო წარსულის ანალიზად“ წარმოუდგენია, რაც „არ იქნება ხანმოკლე“.
ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენელს არ მოსწონს პრეზიდენტის მიერ შერჩეული სახელწოდება - „ეროვნული თანხმობის პროცესი“.
„იმდენად მარტივი მოცემულობაა, რაც ჩვენ გვაქვს - გვყავს პოლიტიკური ორგანიზაცია [ენმ], რომელიც სახელმწიფოს ფუნდამენტებს არ აღიარებს, რომ ამ პროცესისთვის ასეთი დიდი სახელების დარქმევა, თავისთავად ამ დიდ სახელებს ამცირებს და ამცრობს“, - გვეუბნება შალვა პაპუაშვილი.
შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველ პარტიას მოუწიოს კომპრომისზე წასვლა? აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ გადახედოს თავის სიმართლესაც? - ვეკითხებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს.
პასუხი ასეთია:
„აბსოლუტური სიმართლე არ ვიცი, არსებობს თუ არა... მაშინ ჩვენც უნდა გვითხრან, რაში არ ვართ მართლები“.
საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბრიუსელისა და ვაშინგტონის მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენს. განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას უკავშირდება.
2 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას შეეხება, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უკან გადადგმული 5 ნაბიჯიც ჩამოთვალა.
მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას.
„სასწაული იქნება“
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს უკვე დაურეკეს და პრეზიდენტის რეზიდენციაში 22 დეკემბერს დაიბარეს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი ამ პროცესს უკიდურესად სკეპტიკურად უყურებს და თავიდან უარსაც ამბობდა, ახლა გვეუბნება, რომ მაინც წავა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მთავარ კითხვასაც დაუსვამს.
„პირველ რიგში მისგან მაინტერესებს - როგორ უყურებს ამ პროცესს და რისი იმედი აქვს? რატომ ფიქრობს, რომ აქედან შეიძლება რამე გამოვიდეს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო მოლაპარაკებების ბოლო პროცედურა მასთან სასახლეში ჩატარდა [„შარლ მიშელის შეთანხმებას“ მოეწერა ხელი] , მანაც მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში და იმ შეთანხმებიდან არაფერი შესრულდა „ქართული ოცნების“ მხრიდან...
ამ პროცესის მედიატორები და გარანტორები ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ამჯობინა... მაინტერესებს, პრეზიდენტს ახლა რატომ სჯერა, რომ ის შეძლებს ამას?“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ჯაფარიძე.
შესაძლოა, ეს პირველი შეხვედრა უკანასკნელიც აღმოჩნდეს. ჯაფარიძე არ მოელის, რომ პრეზიდენტისგან დამაჯერებელ პასუხს მიიღებს და, როგორც გვეუბნება, „სასწაული იქნება“, თუკი მას პრეზიდენტი დაარწმუნებს, რომ „აქედან შეიძლება რამე გამოვიდეს“.
პოლიტიკოსი შიშობს, რომ წამოწყებული პროცესი დროში გაიწელება, მნიშვნელოვანი საკითხების ნაცვლად მთელი ყურადღება სწორედ ამ პროცესზე გადავა, ყურადღება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასაც მოაკლდება და ოპოზიციურ პარტიებს „სხვა ტიპის აქტივობებზე უარის თქმაც მოუწევთ“.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა“
დროის ფუჭად დაკარგვისა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების მოდუნების საფრთხეს ხედავს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტთან დიალოგზე უარის თქმას მაინც არ აპირებს.
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ვერ ვხედავ ვერანაირ მზაობას „ქართული ოცნების“ მხრიდან... მაგრამ პოზიცია მაქვს ასეთი, რომ ყოველთვის უნდა სცადო და უნდა გამოიყენო, თუკი რაიმე მინიმალური შანსი მაინც არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ კატასტროფული კონფრონტაციიდან...
ჩემი პრინციპული პოზიციაა ასევე, რომ - არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს ამ პროცესმა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა... ჩვენ თავიდანვე უნდა ვუთხრათ "ქართულ ოცნებას", რომ ვადამდელი არჩევნები წარმოგვიდგენია ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად და არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ეს პროცესი ჩაანაცვლებს ვადამდელ არჩევნებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ბურჯანაძემ.
თითს სალომე ზურაბიშვილისკენ არ იშვერს, მაგრამ ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ახალი პროცესის დაწყება „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ გამოიყენოს, რადგან მოლაპარაკებების დროს „საპროტესტო აქციები და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა გარკვეულ უხერხულობას შექმნის“.
ნინო ბურჯანაძე ასევე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ოპოზიციური პარტიები ამ დიალოგის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებზე დაელაპარაკონ, რადგან, მისი აზრით, „ეს იქნება სწორედ ვადამდელი არჩევნების დღის წესრიგიდან მოხსნა“.