Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან "კრიმინალების მფარველები" და ვისთან აღარ ითანამშრომლებს "ოცნება"


საქართველოს პარლამენტის შენობა, 2021 წელი
საქართველოს პარლამენტის შენობა, 2021 წელი

გამწვავებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაჩნდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ აღარ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც აკრიტიკებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საქართველოს სასამართლო სისტემის სანდოობას.

პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მესამე სექტორის წრეებში სწორედ ასე აღიქმება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 13 ნოემბერს, მრავლობით რიცხვში გაკეთებული ვრცელი განცხადების აქცენტები, რაც მათთვის, სულ მცირე - დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმის ღია განაცხადია.

ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების პათოსს სრულად იზიარებენ „ოცნებაში“ და მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს არ უნდა აჰყვნენ.

საერთაშორისო პარტნიორები სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ და ბოლო პერიოდში უკან გადადგმულ ნაბიჯებსაც ითვლიან.

  • კონკრეტულად რა თქვა ირაკლი კობახიძემ და რატომ გამოიწვია ხმაური მის მიერ დასმულმა აქცენტებმა?
  • ვის შეიძლება შეეხოს „ოცნების“ კრიტერიუმები - „კრიმინალთა მფარველების“ ჯგუფში მოსახვედრად?
  • რა იწვევს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებასა და უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ?

მუქარა კრიტიკის სანაცვლოდ?

საერთაშორისო პარტნიორებს, ფაქტობრივად, კრიტიკა აუკრძალეს და უთხრეს, რომ მათი საქმე არ არის, თუ როგორ აღსრულდება კანონი და როგორ გამოიყურება კანონის უზენაესობა საქართველოს სახელმწიფოში - ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ირაკლი კობახიძის განცხადებამ ექსპერტებსა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

როგორც „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, ევროკავშირის პირდაპირი მოვალეობაა თქვას ის, რაც არ მოსწონს და მუდმივად დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ნაკლოვანებების გამოსწორებაში. ხოლო თუკი საქართველო კრიტიკის გათვალისწინებაზე უარს იტყვის, ის იზოლაციისთვის და საბოლოოდ - რუსეთისთვის იქნება განწირული.

კახა გოგოლაშვილის თქმით:

  • „თავიდან ბელარუსიც, თითქოს, იბრძოდა იმისთვის, რომ კრიტიკა არავისგან მიეღო და თავისი საქმისთვის თავად მიეხედა... მაგრამ სად აღმოჩნდა ბოლოს?! სადამდე მივიდა?! მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში გადავიდა. პატარა ქვეყანა, რომელიც არ იღებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას და ბარიერებს უქმნის მათ, აუცილებლად მოხვდება სხვა სივრცეში, სხვა ქვეყნის გავლენებში და ამ მხრივ ჩვენ დიდი არჩევანი არ გვაქვს“.
  • „ასოცირების შეთანხმებაში ძალიან ბევრი მუხლია, რომლებიც უფლებას აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ განახორციელონ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი და ასე შემდეგ... ამიტომ სრული უფლება აქვთ მათ კრიტიკის გამოთქმის, მითითების, ჩამოსვლის და გამოკითხვის, სიტუაციის ადგილზე შესწავლის... ეს არ არის ის, რომ ვიღაცას მოუნდა და თვითნებურად აკეთებს“.

კახა გოგოლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ბრიუსელში აუცილებლად „კონფრონტაციის კონტექსტში“ იქნება აღქმული, რადგან „არც ელჩები მოქმედებენ პირადი გეგმებით და არც ევროპარლამენტარები მოქმედებენ მხოლოდ თავიანთი პარტიის ინტერესებით“.

საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბრიუსელისა და ვაშინგტონის კრიტიკის საგანს წარმოადგენს.

  • „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ საჭიროება ფართოდ აისახა 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევით გაფორმებულ შეთანხმებაშიც. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ც.
  • ივლისში „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოეთიშა ამ დოკუმენტს და მთავარ სადავო თემად ისევ სასამართლო სისტემის რეფორმირება დარჩა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას უკავშირდებოდა.

2 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას შეეხება, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უკან გადადგმული 5 ნაბიჯიც ჩამოთვალა.

ბოლო, მეხუთე ნაბიჯად დასახელებულია 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნა, რაც „ნაჩქარევ, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტულ“ პროცესად შეფასდა.

უკან გადადგმული დანარჩენი ოთხი ნაბიჯის ჩამონათვალში კი ვხვდებით შემდეგს:

  • 2021 წლის 12 ივლისი - უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომი დანიშვნა, რომელსაც, ეუთო/ოდირის შეფასებით, „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“;
  • 2021 წლის სექტემბერი - „მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად“;
  • 2021 წლის სექტემბერი - „გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა“;
  • 2021 წლის ივლისი - „დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა“.

ძირეული სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე მუდმივად ლაპარაკობს აშშ-ის საელჩოც და ელჩს, კელი დეგნანს ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიუთითეს საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ მას შესაძლოა კომპეტენცია არ ჰყოფნიდა.

პოლიტოლოგებისთვის გასაგებია, რომ ელჩები დამოუკიდებლად არასოდეს მოქმედებენ და ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების უკან ბრიუსელი და ვაშინგტონი იგულისხმება.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლისთვის, სოფო ასათიანისთვის ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს „ღია მუქარას“ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით.

„განცხადების ტონი და მესიჯების ერთობლიობა ორგვარად წაკითხვის შანსს არავის უტოვებს... ნათქვამია, რომ ყველა, ვინც სასამართლო სისტემას ჩათვლის მიკერძოებულად ან თუნდაც ისაუბრებს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, ჩაითვლება, ასე ვთქვათ - ქვეყნის მტრად...

ბევრი მტკიცებულება არ სჭირდება იმას, რომ ეს მესიჯები მიმართული იყო ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, რომლებიც უკან არ იხევენ და საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას“, - გვეუბნება სოფო ასათიანი.

ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს ასევე 2020 წლის ნოემბერს, როდესაც თბილისში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტერმინი „სასამართლოს კლანიც“ გამოიყენა.

2021 წლის მარტში კი, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დროს, „კლანის“ შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კარა მაკდონალდმა ილაპარაკა და აღნიშნა, რომ - „(საქართველოში) სასამართლო სისტემა ფართოდ აღიარებულია, როგორც არადამოუკიდებელი და მიკერძოებული“.

სოფო ასათიანი გვეუბნება, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს პირადი ინტერესები არ ამოძრავებთ და მათი მიზანი ერთია - რეფორმირების გზით გაიზარდოს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ.

„დამოუკიდებლობა სამართლიანი მართლმსაჯულების პირდაპირი ნაწილია და თუკი შენი სასამართლო სისტემა ვერ ტოვებს მიუკერძოებლობის განცდას, ეს იმხელა ზიანია ზოგადად სამართლიანობის განცდისთვის, რომ მტკიცებულებები არსებობს თუ არ არსებობს, ეს უფლება ჩაითვლება დარღვეულად.

როდესაც სასამართლო არ არის აღიარებული დამოუკიდებლად და ობიექტურად, აქედან მოდის შემდეგ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული შეკითხვები... პრაქტიკაშიც ასე ჩანს - ლამის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ არის აღძრული რაღაც სახის სამართალწარმოება ქვეყანაში და საქმეების კასკადია კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგაც... ეს ობიექტურ დამკვირვებელს მიუთითებს, რომ ზოგადად ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება“, - გვეუბნება სოფო ასათიანი.

პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის დიდ ნაწილს დასასჯელ დამნაშავეებად მოიხსენიებს. ასევე, მმართველ პარტიაში სრულად იზიარებენ ირაკლი კობახიძის მიერ 13 ნოემბერს, სავარაუდოდ, მთელი ხელისუფლების სახელით, მრავლობით რიცხვში გამოქვეყნებულ განცხადებას.

უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ „განცხადება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ გაკეთდა. ხოლო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირზე საუბრისას ოკუპანტების ხელწერაც გაიხსენა.

„ორცხობილისა და მათრახის თემა კალკირებულია რუსული გამოთქმიდან "კნუტ ი პრიანიკ" და ნიშნავს იმას, რომ მიიღებ ორცხობილას, თუ კარგად მოიქცევი და მათრახს - თუ ცუდად მოიქცევი. სწორედ ეს არის შედეგი და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი...

ერთი უნდა ახსოვდეთ, რომ ევროპასთან საქართველოს ურთიერთობა არ განისაზღვრება იმ ჩარჩოებში და იმ ფორმულირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თავის მეზობელ ქვეყნებთან“, - უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის განცხადებას აღიქვამენ ხმამაღალ განაცხადად - რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს პროდასავლურ კურსზე.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები მოელიან სულ უფრო მეტ მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანური“ მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შეზღუდვის წინააღმდეგ.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს.

რა წერია კობახიძის ხმაურიან განცხადებაში?

„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად“ ირაკლი კობახიძე „მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებულ მცდელობას“ ასახელებს, ხოლო „მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელ გამოხატულებად“ - გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლებას.

ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს მოხდება, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა „დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით“ რეგიონის ლიდერია და ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც სჯობნის. შესაბამისად, ტექსტის შინაარსიდან როგორც ჩანს, ამ ფონზე ყველანაირი კრიტიკა „დისკრედიტაციად“ აღიქმება და „კრიმინალების მფარველები“ დაერქმევა ყველას, ვისაც პრეტენზიები ექნება საქართველოს სახელმწიფოში კანონის აღსრულების მიმართ.

განცხადებაში ვკითხულობთ:

  • "ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს".
  • "თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ".
  • "რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს".
  • "სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა".
  • "ამ ფონზე, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი".
  • "ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით".
  • "საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები".

ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ სამომავლოდ, „ქართული ოცნების“ სახელმძღვანელო „სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება“ და „ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“.

ბოლო ფაქტი, რამაც „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება გამოიწვია, ჩანს, რომ პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის „პოლიტპატიმრის“ წოდება იყო. თუმცა განცხადების შინაარსი საერთაშორისო პარტნიორების ბევრად უფრო ფართო წრეს მოიცავს.

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ „მართლმსაჯულების პოლიტიზების“ ბრალდებები ევროკავშირისა და აშშ-ისკენ არის მიმართული.

  • პოლიტიკოსი გიგი უგულავა - პრეზიდენტმა შეიწყალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევით, 2020 წლის 8 მარტს გაფორმდა საგანგებო შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის;
  • პოლიტიკოსი ნიკა მელია (ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი) და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა (პრეზიდენტის მიერ შეწყალებით) გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის უმაღლესი პირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციითა და აშშ-ის აქტიურობით, 2021 წლის 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელი მოეწერა „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს.

როცა „შარლ მიშელის შეთანხმება“ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ისიც მრავალჯერ აღნიშნეს, რომ ამ შეთანხმების მოთხოვნები საქართველოს საკონსტიტუციო ჩარჩოს მიღმა ტოვებდა და ანულირების შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდა.

„ქართული ოცნების“ მსგავს განცხადებებსა და მიდგომებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით იწონებენ ანტიდასავლური ძალები საქართველოში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG