Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იწყება


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია იწყება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. ის დღეს 54 წლის გახდა.

მოქალაქეებმა რამდენიმე ადგილზე დაიწყეს შეკრება, მათ შორის რესპუბლიკის მოედანზე და უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქცია იმართება. აქციაზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანა ჩამოსული.

სააკაშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუკის" საშუალებით მხარდამჭერებს მიმართა. მან ამ მიმართვაში უმთავრესად ყურადღება გაამახვილა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე.

მიმართვაში სააკაშვილმა ისევ ისაუბრა ქუჩის პროტესტისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე:

"პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.

ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG