Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მისი მხარდამჭერი აქციის გამართვამდე მოქალაქეებს მიმართავს


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მისი მხარდამჭერი აქციის გამართვამდე, მოქალაქეებს "ფეისბუკის" საშუალებით მიმართავს. აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. მიმართვის დიდ ნაწილს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე საუბარს უთმობს.

მიმართვაში სააკაშვილი ისევ საუბრობს ქუჩის პროტესტისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე:

"პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.

ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო".

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ცვლილებების შედეგად, მათი შემოსავალი გაიზრდება და იქნება იმაზე მეტი, ვიდრე აქვთ პოლონეთში, საბერძნეთში ან იტალიაში.

"დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო.

მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე!" - წერია მისის სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG