5 ათასი ადამიანი 3 წელიწადში ძალიან დიდი რიცხვია, მით უფრო, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა მილიონ ნახევარიც კი არ არის. რომ შევადაროთ, ამ მომენტისთვის, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად.
5 000 დაკარგულიდან 1700 ადამიანი 2020 წელს გაუჩინარდა, მათგან მხოლოდ ოცდაათამდე იპოვეს. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით კი დაკარგულია 1659 ადამიანი. ჩეჩნეთმა „სახელი გაითქვა“ იმითაც, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ დაკარგულებს ყველაზე იშვიათად პოულობენ.
ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამ არხის, 1ADAT-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს ჩეჩნეთში მინიმუმ 212 ადამიანი გაიტაცეს. მაგალითად, 22 ივნისს სოფელ ჩირი-იურტიდან ძალოვნებმა 10 ახალგაზრდა წაიყვანეს, ისინი 17-დან 20 წლამდე იყვნენ.
ივლისში ერთი კვირა გრძელდებოდა რეიდები დაბა ურუს-მარტანში. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ ახალგაზრდებში ჩანერგილი იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც მიზანმიმართულად ჩამოაგდებდნენ ხოლმე სიტყვას მთავრობაზე, საგანგებოდ იწყებდნენ მთავრობაზე ლაპარაკს და ასე, ამით ამოწმებდნენ, ვინ აკრიტიკებდა ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს. საბოლოოდ ურუს-მარტანიდან ძალოვნებმა დაახლოებით 100 კაცი გაიტაცეს.
1ADAT-ში განმარტავენ, რომ ჩეჩნეთში შსს-ს ყველა განყოფილების ხელმძღვანელს დაკავებების თავისი ნორმა აქვს. ნორმის გადაჭარბება დაწინაურების წინაპირობაა. დასაჭერების კონტინგენტიდან ყველაზე ნაკლებად ნარკოტიკების მომხმარებლები, ყველაზე მეტად კი ხელისუფლებისადმი ნეგატიურად განწყობილები „ფასობენ“. ასეთი სინამდვილეში ცოტაა, ამიტომაც ძალოვნები მათ ხელოვნურად „ქმნიან“.
სამოქალაქო აქტივისტი პანკისში სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ჩეჩენი, რომელიც კადიროვს აკრიტიკებს, საფრთხის წინაშე დგას როგორც ჩეჩნეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
„ჩეჩნეთში თუ შენი იდეოლოგია არ ემთხვევა რეჟიმის იდეოლოგიას ან პროტესტი გამოხატე კადიროვის, პუტინის წინააღმდეგ, შეიძლება გაუჩინარდე. ვინ აწვდის ინფორმაციას მათ შესახებ ამის გაგება საკმაოდ რთულია, შეიძლება უსმენდნენ, შეიძლება სხვაგვარად. ამ კუთხით მათი [კადიროვის ხალხის] მეთოდები ისეთივე დახვეწილია, როგორც 1937 წელს იყო. ადამიანს ერთხელაც ვიღაცეები წაიყვანენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება ციხეში იპოვონ. ჩეჩნეთში მცხოვრები ნაცნობებისგანაც ვიცი ასეთი შემთხვევები. სადღაც იკარგებიან და მერე ან ცოცხალს პოულობენ, ან მკვდარს“.
სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ კადიროვის რეჟიმის მიმართ შიში არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ პანკისშიც აქვთ და ეს განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა.
2020 წელს საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ჩეჩნეთის მკვიდრი, 19 წლის სალმან ტეპსურკაევი თავის დასჯის მიზნით ბოთლზე ჯდება. თავის დასჯა მან ხელისუფლების კრიტიკის გამო „გადაწყვიტა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტეპსურკაევის გაუჩინარებასა და წამებაში დამნაშავედ რუსეთის ხელისუფლება ცნო და კომპენსაციის სახით, 26 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ადამიანების გაუჩინარება ჩეჩნეთში რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას:
„როდესაც ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მოძრაობა იყო, მაშინ ზოგჯერ ქრებოდნენ ადამიანები, ასევე ახლო აღმოსავლეთშიც ბევრი ახალგაზრდა წავიდა საბრძოლველად. თუმცა, 5 ათასი დაკარგული მაინც ძალიან ბევრია.
ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ჩეჩნეთში რომ პრობლემებია, ეს ახალი ამბავი არ არის - სოციალურ ქსელებს ტოტალურად აკონტროლებენ და ხალხი მართლა შეშინებულია, რადგან მთავრობის ნებისმიერი ნეგატიური შეფასება შეიძლება შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს, თან სახალხოდ, რაც ამ ტრადიციულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მტკივნეულად აღიქმება.“
გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, უგზო-უკვლოდ დაკარგულების რიცხვი მაღალია, შესაძლოა არის ის, რომ ჩეჩნეთიდან ძალიან ბევრი მიდის ემიგრაციაში. კანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მათი ნაწილი გაუჩინარებულების სტატისტიკაშიც ხვდებოდეს.