ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაი კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელაპარაკა უცხოელი, მათ შორის ესტონელი, დიპლომატების მოსმენაზე. ამის შესახებ საინტერნეტო პორტალი DELFI იტყობინება.
კალასისა და ღარიბაშვილის შეხვედრა 15 დეკემბერს შედგა ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დროს.
როგორც პრესა იტყობინება, სამიტზე ორი ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარეების შეხვედრამ ერთობ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. თუმცა Eesti Päevaleht-თან საუბარში კალასმა აღიარა, რომ იმსჯელეს ძალიან რთულ საკითხებზეც - საქართველოში შეფერხებული რეფორმებისა და შემოდგომაზე გაჩენილი ინფორმაციის თაობაზე, რომ საქართველოში ფარულად აყურადებდნენ უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთის, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.
„მე მას ვუთხარი, გვინდა მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ ეს, გაატარეთ სასამართლო რეფორმები, შეეცადეთ გადალახოთ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება-მეთქი“, - განაცხადა კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში. „ვუთხარი, რომ ეს სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ, თქვენი მეგობრები, არაფერ ცუდს არ ვლაპარაკობთ თქვენ ზურგსუკან. ასე არ იქცევიან-მეთქი“, - უთხრა კალასმა ესტონეთის პრესას და დასძინა, რომ, საქართველოს პრემიერის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტული პასუხი მას არ ჰქონია.
სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ცნობილი გახდა ფაილების შესახებ, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ უწყება უსმენდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებშიც აღწერილია ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრები ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან. მათ შორის იყო ესტონეთის საელჩოც.