Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის თქმით, ახალგაზრდებს არ უნდათ „სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში“ ცხოვრება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საახალწლო მიღებაზე, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს, მან ილაპარაკა ქვეყანაში ახალგაზრდების მდგომარეობის შესახებ.

„პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარია. ე.ი. შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სანამდე მიგვიყვანს ეს.

დროა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვხედავთ, ვიცით თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან. იმიტომ, რომ არავის, ახალგაზრდა თუ არის და შესაძლებლობებს გრძნობს თავის თავში, არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს თვითონ, რა არის მისთვის პერსპექტივა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მეც პირდაპირ ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში შექმნილ კრიზისზე.

„დროა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც გვაქვს: ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია; რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება; ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ფუნქციის მოპოვება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე - „არა მე ვიცი და შენ არ იცი და არა შენ ის ხარ და ეს ხარ“- მე მგონი, რომ ვერსად ვერ წავალთ. ბოლოს, დრო არის ასევე ჩემთვის - სამი წელი გავიდა, ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე ამ სიტუაციების ექსპერტებთან. ერთი საერთო დასკვნა აქვთ მათ, რომ სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება განკუთვნილია წარუმატებლობისკენ. იმიტომ, რომ საჭიროა, მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისგან და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ამიტომ, ეს სამი წელი, რაც დამრჩა, მე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ პროცესი დავიწყო და მასზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ დაპატიჟა, რაც გამოვიდა შერიგების ინიციატივით. 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი "France 24"-თან ინტერვიუშიც გააკეთა.

XS
SM
MD
LG