პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო დემოკრატიის სამიტზე თავის გამოსვლაში ილაპარაკა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის უდიდეს პრობლემაზე. მან არა მარტო დაასკვნა, რომ საჭიროა „ინკლუზიური პროცესი“ მის დასაძლევად, არამედ პირობაც დადო, რომ ამ პროცესს თავად ჩაუდგებოდა სათავეში.
ქართულ საზოგადოებაში „ინკლუზიური პროცესი“ „შერიგებად“ თარგმნეს და ამ პერსპექტივას სკეპტიკურად შეხვდნენ, მათ შორის, მმართველი პარტიაც და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებაც. თუმცა, ამ განცხადებას კონკრეტული წინადადებით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ცოტა ხნით ადრე თვითონაც ლაპარაკობდა „შერიგების“ საჭიროებაზე. მან ზურაბიშვილს და კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკუთარ ტერიტორიაზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შეხვედრა შესთავაზა. იდეას მარგველაშვილიც მიესალმა, ოღონდ შეხვედრის უკეთეს ადგილად პრეზიდენტის სასახლე დაასახელა, ეკლესიამ კი შერიგების მსურველები საკუთარ ტერიტორიაზე მიიპატიჟა.
თავად ზურაბიშვილი არ ჩქარობს, განმარტოს, კონკრეტულად რა იგულისხმა „ინკლუზიურ პროცესში“ და როგორ აპირებს მის წარმართვას (თუკი რამეს აპირებს). პრეზიდენტების შეხვედრის ადგილზე დისკუსია მორიგ სევდიან პოლიტიკურ ხუმრობად იქცა.
სკეპტიციზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს: მას იძლევა როგორც სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობა, ისე ქართული პოლიტიკის ზოგადი კონტექსტი.
რა უნდა ან შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს?
ინკლუზიური პროცესი საქართველოს ნამდვილად სჭირდება. რაკი ქვეყნის საკონსტიტუციო სისტემაში პრეზიდენტი, თეორიულად მაინც, მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლას შედარებით განრიდებული ფიგურაა, ლოგიკურია, მან ასეთი ინიციატივა თავის თავზე აიღოს.
მაგრამ საკუთრივ სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი განცხადება ფარისევლობად ჟღერს. პრეზიდენტობის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში მას ასეთი განწყობა არასოდეს გამოუვლენია. თავად მისი 2018 წლის არჩევნები ერთგვარი მიჯნა აღმოჩნდა: სიძულვილის ენის გამოყენება მისი მხარდამჭერების მხრიდან კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა (თუმცა, ცხადია, ქართული პოლიტიკისთვის ის არც მანამდე იყო უცხო).
ფარისევლობის ნიშნად შეიძლება ჩავთვალოთ ისიც, რომ ურთიერთპატივისცემის საჭიროებაზე ზურაბიშვილი პირველად საერთაშორისო ფორუმზე, ინგლისურ ენაზე ალაპარაკდა, ქართულად კი თავისი თანამოქალაქეებისთვის მსგავსი არასოდეს არაფერი უთქვამს. თუმცა, ამას ზოგადად შეჩვეული ვართ: ჩვენი ლიდერები იცვლებიან, როცა საერთაშორისო აუდიტორიას მიმართავენ, ან როცა გვერდით უცხოელი პოლიტიკოსები უდგანან.
რა თქმა უნდა, შემობრუნება არასოდესაა გვიან. პოლიტიკოსმა შეიძლება მოვლენებს ახალი თვალით შეხედოს,პოზიცია შეიცვალოს. მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ქმედებები და რიტორიკა კიდევ უფრო დაშორდა ქვეყნის განვითარების დეკლარირებულ დასავლურ ტრაექტორიას, პრეზიდენტმა გაბედა და რამდენიმე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. ეს სიახლე იყო. ხომ შეიძლება, ის უფრო შორს წავიდეს, მართლა დადგეს მიმდინარე დაპირისპირებაზე მაღლა და ტოქსიკური პოლარიზაციის განმუხტვისკენ გადადგას ნაბიჯები? ეს არა მხოლოდ თავისთავად კარგი იქნებოდა, არამედ სალომე ზურაბიშვილს წმინდა სიმბოლური ფიგურიდან საკუთარი იდენტობის მქონე მოთამაშედ აქცევდა და მის ოფისსაც ახალ შინაარსს შესძენდა.
თეორიულად ეს შესაძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში ზურაბიშვილი დიამეტრალურულად უნდა დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“, ვისი წყალობითაც პრეზიდენტი გახდა. ფაქტობრივად, ის საკუთარ უახლოეს პოლიტიკურ წარსულსაც უნდა გაემიჯნოს.
„ნაციონალურის მოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის მიუღებლობა არ არის „ოცნების“ პოლიტიკის ერთ-ერთი რიგითი თავისებურება: ეს მისი პოლიტიკური იდენტობის ღერძია. „ნაცებთან“ შეურიგებელი ბრძოლის პათოსი რომ გამოაცალო, გაუგებარი დარჩება, საერთოდ რაღაა „ოცნება“, როგორც პარტია. ზურაბიშვილმა მართლა რომ აღიაროს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის ლეგიტიმურ მხარედ და ის ცივილური მოპყრობის ღირსად აღიაროს, „ოცნების“ თვალში ისეთივე „მოღალატე“ გახდება, როგორც გიორგი გახარია.
ისიც ცხადია, რომ „შერიგებას“ ვიტყვით თუ „ინკლუზიურ პროცესს“, ძნელია მისი წარმოდგენა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს ამ ადამიანზე, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ძირითად ოპოზიციურ ძალას, ანუ პოლარიზაციის ერთ-ერთ პოლუსს წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილს პიროვნულად რომც სწამდეს, რომ სასამართლომ პირუთვნელად, პოლიტიკური გავლენის გარეშე მიიღო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები, მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ ტოქსიკური პოლარიზაციის დაძლევაზე მიმართული „ინკლუზიური პროცესი“ იმ პირობებში, როცა სააკაშვილი ციხეშია, ცარიელი ფრაზაა. მან უნდა გადახედოს მის შეწყალებაზე გაცხადებულ კატეგორიულ უარს.
ამ ეტაპზე არაფერი გვაძლევს საფუძველს, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ტოქსიკური პოლარიზაციის დაძლევაზე მიმართულ ნაბიჯებს ველოდოთ. თუნდაც მან ეს გააკეთოს, მისი მცდელობა დიდ შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან ქვეყნისმმართველი ძალა ასეთი „ინკლუზიური პროცესის“ ნაწილი ვერ იქნება.
დიახ, მაგრამ რას ნიშნავს „შერიგება“?
თავი გავანებოთ სალომე ზურაბიშვილის გეგმებს: ვთქვათ და, არსებობს რეალური გავლენის მქონე პოლიტიკური ფიგურა, ვისაც აქვს „ეროვნული შერიგების“ წამოწყების ნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ შემთხვევაში „შერიგება“? რამდენად ადეკვატურია ეს ცნება დღევანდელ კონტექსტში? რა უნდა იყოს „ინკლუზიური პროცესის“ კონკრეტული მიზანი?
პრეზიდენტმა ეს მიზანი ასე განმარტა: „მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.” შესაძლოა, პოლიტიკოსისგან გამონათქვამების განსაკუთრებულ სიზუსტეს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ ამ ფორმულირებას სერიოზულად აღვიქვამთ, ქ-მა სალომემ აშკარად არარეალისტური მიზნები დაისახა.
პოლიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული პოლიტიკა, მუდმივი ბრძოლაა, სადაც მხარეები მკვეთრად ეჯახებიან ერთმანეთს. ამ ბრძოლაში მხარეებად მხოლოდ ამბიციური პოლიტიკური ლიდერები არ გვევლინებიან: რიგითი მომხრეები არანაკლებ შეურიგებლები არიან ოპონენტების მიმართ. სოციალური ქსელების გავრცელებამ ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. პოლარიზაცია ყველგან იზრდება. ყოველ შემთხვევაში, ყველგან, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლიათ.
შეუძლებელია წარმოვიდგინოთ პროცესი, რის შედეგადაც ქართული საზოგადოება „უახლესი ისტორიის საერთო აღქმას“ მიაღწევს. ეს ზღაპარია. ასეთი უიმედო პროექტები ჩვენი დეკორატიული პრეზიდენტის დროის ხარჯვადაც არ ღირს.
თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანებს სხვადასხვა აზრი ექნებათ და ამის გამო ცხარედ იკამათებენ. ჩვენი პრობლემა ეს არ არის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს (მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფებს) უჭირთ იმის ატანა, რომ სხვებს სხვა აზრი აქვთ. ისინი ინარჩუნებენ იმედს, რომ ოდესმე „ერთხელ და სამუდამოდ“ დავადგენთ სიმართლეს, რომელსაც ყველა გაიზიარებს. ამაზე ბევრი ოპოზიციონერიც ოცნებობს, ოღონდ მისი სიმართლე საპირისპიროა.
ვერ დავადგენთ. უნდა შევეგუოთ, რომ ვერასოდეს შევთანხმდებით, კარგი პრეზიდენტები იყვნენ თუ არა მიხეილ სააკაშვილი ან ზვიად გამსახურდია, სასიკეთო იყო თუ არა საბჭოთა კავშირის დაშლა, ან უნდა ავიცრათ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. თითოეულ ამ საკითხზე მე საკმაოდ გამოკვეთილი მოსაზრება მაქვს და ძალიან მინდა, ყველა ჩემნაირად ფიქრობდეს, მაგრამ ვიცი, რომ ეს არასოდეს მოხდება.
თუ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ისაა, რომ ვერასოდეს შევთანხმდებით და ამას არც უნდა ვეცადოთ. ამისთვის არა მარტო არასოდეს მიგვიღწევია, მიზნადაც არ დაგვისახავს. ჯერ კიდევ ეროვნულმა მოძრაობამ შეურიგებლობა და უკომპრომისობა უზენაეს პოლიტიკურ სიქველედ გამოაცხადა. სწორედ ეს და არა რუსეთის ინტრიგები იყო ჩვენი სამოქალაქო ომის ძირეული მიზეზი.
დღევანდელმა ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ატანას „კოჰაბიტაცია“ დარქვა; მან ის საკუთარ შეცდომად ჩათვალა, რომელიც მხოლოდ დასავლეთის გავლენით ჩაიდინა. ამ განწყობის გამო, დღეს ცივი სამოქალაქო ომის პირობებში ვცხოვრობთ; საუკეთესო, რისი იმედიც ამ ეტაპზე რეალისტურად შეიძლება გვქონდეს, ისაა, რომ ის არც ცხელ ომში გადაიზრდება და არც ტირანიაში, რომლის დროსაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მხოლოდ სახლში ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ.
ცხადია, გვინდა, მეტის იმედი გვქონდეს. ჯერჯერობით ამ მეტის მიღწევას პირი არ უჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყოველთვის შეუძლებელი იქნება. ოღონდ ახლავე უნდა ვიცოდეთ, რა არის ამისთვის საჭირო. მაგალითად, უნდა ვაღიაროთ, რომ ოპონენტთან ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად მას წინაპირობად ცოდვების მონანიება არ უნდა მოვთხოვოთ - თუ მაინცდამაინც, ჯობია, ყველამ საკუთარ ცოდვებს მივხედოთ. სასურველია ვაღიაროთ, რომ კომპრომისი სირცხვილი სულაც არ არის, ხოლო კოჰაბიტაცია, ანუ საპირისპირო აზრის მქონეთა თანაარსებობა, ცივილიზებული ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა და არა ბოროტი ძიების და დეიდების შემოგდებული მანკიერი იდეა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.