Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალ აგრესიას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები ექნება.

ამასთან, ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ეფექტური საშუალებაა დიპლომატიური მუშაობა და მინსკის შეთანხმების შესრულება. ამ საკითხებზე სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, SVT-სთან ინტერვიუში, რომელიც ბლინკენმა ტელეარხს მისცა სტოკჰოლმში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გასულ კვირაში გამართული შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი იყო პირდაპირი და სერიოზული.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს სერიოზულად აშფოთებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდა და მდგომარეობა, რომელიც რუსეთს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შესაძლებლობას. ბლინკენის თანახმად, ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ აგრესიის განმეორებას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ განიხილავს რუსეთზე ძალიან ძლიერი ეფექტის გამომწვევი ეკონომიკური ზემოქმედების ისეთ ზომებს, რომლებიც ადრე არ გამოუყენებია. შეკითხვას, არის თუ არა საუბარი სამხედრო ხასიათის შედეგებზე, ბლინკენმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეტალურად განსახილველად მზად არ არის, თუმცა, შედეგები რუსეთის ინტერესებში არ იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ ზოგიერთ ქვეყანას მიეცემა დემოკრატიული მეზობლის საზღვრების ძალით შეცვლის შესაძლებლობა და ეს უყურადღებოდ დარჩება, სხვებიც გადაწყვეტენ, რომ ასე მოქცევა შეუძლიათ. ენტონი ბლინკენის თქმით, თუ რომელიმე ქვეყანას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ დემოკრატიულ მეზობლებს უკარნახონ, როგორი უნდა იყოს მათი პოლიტიკა და ვისთან უნდა გაერთიანდნენ და ამის წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებენ, ეს სხვებისთვისაც ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

ენტონი ბლინკენს იმედი აქვს, რომ რუსეთი გადაწყვეტილებას მიიღებს დეესკალაციის სასარგებლოდ და არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად დიპლომატიურ მუშაობაში ჩაერთვება. შვედეთის საზოგადოებრივ ტელეარხთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისიც თქვა, რომ თუ რუსეთის აგრესიის გამო აუცილებელი გახდება ნატოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება, ალიანსი ამას გააკეთებს.

ხვალ, 7 დეკემბერს დაგეგმილია აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის ვიდეოკონფერენცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება.

XS
SM
MD
LG