Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ


20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და უარყოფითად აფასებს.

არასამთავრობო სექტორი კობახიძის განცხადებას, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მმართველის პარტიის მიერ საერთაშორისო, ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს მმართველი ძალის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს.

"სრულად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედება და საარჩევნო ბარიერის შემცირება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ადეკვატურად ასახვასა და პლურალიზმის განმტკიცებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, ერთხმად, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერითაცაა მიღებული, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პარტიების შეთანხმებისა და თანამშრომლობის იშვიათ და მისასალმებელ მაგალითს წარმოადგენს. არასამთავრობო სექტორის თანახმად, რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას.

ირაკლი კობახიძემ არაერთხელ, უკანასკნელად კი 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საჩქარო არ არის და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე."

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
  • ლიბერალური აკადემია
  • საზოგადოება და ბანკები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი(რონდელის ფონდი) – GFSIS
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

XS
SM
MD
LG