Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, არ არსებობს ვალდებულება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ვალდებულება, რომ პარლამენტმა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს. ამის შესახებ განცხადება მან 2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დადგენილია პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმურია და 2024 წლიდან ამოქმედდება:

"პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე მიიღება ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5 პროცენტიანი დემოკრატიული ბარიერით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არაფერი ზიანი არ მიადგება. შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული. არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. გვქონდა მსჯელობა ბარიერის დაწევის მიზანშეწონილობაზე და ამაზე პარლამენტი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

2 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და მოუწოდა, დროულად გაკეთდეს განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე:

ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

„გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ სჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ. ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გასაკეთებელი და გადასადგმელი ეს ნაბიჯი, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა“.

2 ნოემბერს, ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მიუხედავად ბოიკოტისა, ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა:

სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ, ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე, 126 ხმით 0-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე იქნა მომზადებული.

ამ კანონპროექტის მიხედვით:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი.
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი შესაძლოა შეიცვალოს და 3% გახდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება. ეს პუნქტი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. ამ პუნქტის თანახმად,

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ნორმის გარეშე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო. ამავე პროექტის ავტორების, მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, პროკურორის არჩევის წესი „სამართლებრივი სიმახინჯე“ იყო.

XS
SM
MD
LG