Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვადო „მწვანე პასპორტს“ სასამართლოში უჩივიან


ხვალიდან, 1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. მათ, ვისაც კოვიდი აქვს გადატანილი, სახელმწიფო უვადომწვანე პასპორტს“ აძლევს. 29 ოემბერს ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინოს არგუმენტაცია კოვიდგატანილებისთვის მწვანე პასპორტის“ უვადოდ გაცემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

1 დეკემბრიდან კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში... მხოლოდ ისინი შევლენ, ვისაც „მწვანე პასპორტი“ ექნება, ეს საბუთი კი ეძლევა ადამიანს, რომელიც:

  • ან ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით;
  • ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი;
  • ან გადატანილი აქვს კოვიდი.

უთანხმოება სწორედ ბოლო პუნქტმა გამოიწვია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კოვიდის გადატანა ორგანიზმს სამუდამო იმუნიტეტით არ აჯილდოებს. ექიმები, - მათ შორის ეპიდემიოლოგების ნაწილი, - ამ გადაწყვეტილების გამო მთავრობას საჯაროდ აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ არ შეიძლება სამუდამო იყოს, მით უფრო, რომ ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ვარაუდით, „ომიკრონი“ საქართველომდე დაახლოებით ერთ თვეში მოაღწევს.

იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ქართველი და უცხოელი ექიმების კვლევებზე დაყრდნობით, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კანონის ეს ნაწილი მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა, მსგავსი მეთოდით პანდემიის მართვა სახიფათო და საზიანოა.

იურისტებმა სარჩელის წარდგენისას სწრაფი უზრუნველყოფის ღონისძიებას მიმართეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამ დღეში ანუ დღეს ან ხვალ უნდა გამოიტანოს. იურისტები არ ითხოვენ პანდემიის რეგულაციის ამ სადავო პუნქტის გაუქმებას ან შეცვლას, მათი მოთხოვნაა, მთავრობამ წარმოადგინოს ის სამეცნიერო არგუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც ჩათვალა, რომ კოვიდგადატანილისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მიცემა სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 24 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ ცენტრის პოზიცია საკოორდინაციო საბჭოს უმრავლესობის პოზიციისგან განსხვავდებოდა. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტმა იურისტები ძალიან შეაშფოთა.

„საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა თქვეს, უმრავლესობით გვაიძულეს ამ გადაწყვეტილების მიღებაო, ანუ ექიმების აზრი იყო სხვა. უმრავლესობის შექმნა ნებისმიერ კომისიაში არის ადვილი, უბრალოდ წევრების რაოდენობას გაზრდი და ექსპერტებს უმცირესობაში მოაქცევ. ჩვენთვის ეს ცალსახად იმას ნიშნავს, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაწყდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ რეგულაციას მან გაუწია რეკომენდაცია. სავარაუდოდ, მისი ზემოქმედება უფრო მეტი იყო, ვიდრე რეკომენდაცია“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალში შეიცვლება:

„ასეთი გადაწყვეტილება არ ჯდება თავად დაავადების მექანიზმში. კოვიდის გადატანა არ ნიშნავს სამუდამო იმუნიტეტს. ის, რაც ჩვენ ვიცოდით [კოვიდპასპორტის კრიტერიუმების შესახებ], ლაპარაკი იყო ერთი წლის პერიოდზე, რადგან ეს ერთი წელი მეტ-ნაკლებად მისაღებია. ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, გარკვეული იმუნიტეტი დარჩეს ორგანიზმში, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ამ ადამიანებისთვის სამუდამო სტატუსის მინიჭება. არცერთ კვლევაში, არცერთ რეკომენდაციაში არ არის დაფიქსირებული, რომ კოვიდი ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს. ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ეს არის ექვსი თვე. კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაში, რეინფიცირების შემთხვევები არის მინიმალური. ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, გაუგებრობა უფრო არის, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება“.

იურისტი ანა აბაშიძეც მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ დარტყმის ქვეშ ასობით ათასი ადამიანი დააყენა. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ მთავრობამ ეს ნაბიჯი ანტივაქსერების გულის მოსაგებად გადადგა, ყოველ შემთხვევაში, მისი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ამ წესმა ანტივაქსერებს არა თავის დაცვისკენ, პირიქით, მიზანმიმართულად დაინფიცირებისკენ უბიძგოს, რადგან: ინფიცირების შემთხვევაში, თუ გაუმართლათ და გადარჩნენ, მათი ცხოვრება იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც აცრილების, ანუ სხვებივით ყველა სიკეთით ისარგებლებენ. რა თქმა უნდა, ეს არის ინფიცირების წახალისება, - ამბობს ანა აბაშიძე.

თუ ორ დღეში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, იურისტები მის საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG