Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორის თქმით, სააკაშვილმა სასამართლო პროცესი გამოიყენა პოლიტიკურ ტრიბუნად


ჯარჯი წიკლაური
ჯარჯი წიკლაური

„7 ნოემბრის საქმეზე“, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდის მორიგი სხდომის შემდეგ, დაცვის მხარის მოქმედებას გამოეხმაურა პროკურორი ჯარჯი წიკლაური. როგორც ის აცხადებს, სააკაშვილმა სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა.

„თითქმის ორი თვის განმავლობაში, ადვოკატების, თავად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას არ ეძლეოდა სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლება, მას არ ჰქონდა თითქოს შესაძლებლობა მართლმსაჯულების პროცესში მიეღო მონაწილეობა, ამის საპასუხოდ მინდა განვაცხადო: დღეს რა ვიხილეთ, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე, „7 ნოემბრის საქმეზე“, მათ სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა და მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებისთვის, ფაქტობრივად, აქციეს სასამართლოს სხდომა.

ჩვენ მზად ვიყავით წარმოგვედგინა მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები 7 ნოემბრის დარბევაზე, პატარკაციშვილების ოჯახისათვის დანაშაულებრივად ქონების წართმევაზე, ყველა ეს შეკითხვა ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან და ნაცვლად იმისა, რომ ამ შეკითხვებს გასცემოდა პასუხი, მათ მხოლოდ პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს მთელი სხდომა“, - თქვა ჯარჯი წიკლაურმა.

ბრალმდებელმა შეაფასა სააკაშვილის განცხადებები, რომლებიც სხვა საქმეებს უკავშირდებოდა.

„მან [მიხეილ სააკაშვილმა] განაცხადა, რომ „7 ნოემბრის საქმე“ მასთან არ არის კავშირში და თითქოს ივანე მერაბიშვილმა დაარბია მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. მან, რაც ყველაზე ხაზგასასმელია, 28 წლის სანდრო გირგვლიანის წამებით მკვლელობას უწოდა „პიარული“ და მოგონილი საქმე, მაშინ, როდესაც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან პირადად ხელი დააფარა ამ უმძიმესი დანაშაულის დამკვეთებს და ამ დანაშაულის ორგანიზატორებს. ამ ხელის დაფარებისთვის არის ის მსჯავრდებული და არა ცალკე აღებული შეწყალებისთვის“, - თქვა წიკლაურმა.

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასზე და მის კოლეგებზე როგორი დისკრედიტაციის მცდელობა ან შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს, ეს მათ ვერ დააბრკოლებს. მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იმის საფუძველი, რომ პროკურორებს რაიმე ფორმით ხელი შეეშალოთ. წიკლაური ამბობს, რომ პროკურორები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს პასუხი გასცეს ბრალმდებელთა შეკითხვებს - 7 ნოემბრის დარბევაზე, ჯარის გამოყვანაზე, რომელიც, პროკურორის თქმით, პირადად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო იმ დღეს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

XS
SM
MD
LG