Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საკრებულოს სხდომის გამართვის მოწინააღმდეგეებს აკავებენ


ბათუმში პოლიცია აკავებს ქალაქის საკრებულოს სხდომის გამართვის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი ითხოვენ, "ვადაგასულმა საკრებულომ" არ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დაკავებულია მინიმუმ 5 პირი. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

როგორც წესი, აქციებზე პოლიცია მოქალაქეებს ადმინისტრაციული წესით ორი მუხლით აკავებს ხოლმე - წვრილმანი ხულიგნობისა და მათი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

ბათუმში ახლა საკრებულოს სხდომა იმართება. ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ სხდომა შეწყდეს, რადგან ახალმა საკრებულომ შეძლოს ბიუჯეტის დამტკიცება.

2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით, შეცვლილია.

ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა იცვლება და საკრებულო ნოემბრის თვეში ცდილობს დაამტკიცოს ბიუჯეტი. ბათუმში წლების მიხედვით ასე მტკიცდებოდა ბიუჯეტი:

  • 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 21 დეკემბერს;
  • 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2019 წლის 25 დეკემბერს;
  • 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2018 წლის 27 დეკემბერს;
  • 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2017 წლის 26 დეკემბერს;
  • 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2016 წლის 29 დეკემბერს.

საკრებულოს 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლა სცადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. სხდომათა დარბაზში მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დაღვარა.

"ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს, მე ვამბობდი ამას. ბიუჯეტი არ უნდა მიიღოს ვადაგასულმა საკრებულომ, მე არ მინდოდა ძიძგილაობა. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება", - თქვა მირდატ ქამადაძემ.

​სხდომა ამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, სხდომათა დარბაზის დასუფთავების შემდეგ გაგრძელდა.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

XS
SM
MD
LG