Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდა


ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდა. ამ სხდომაზე 2017 წლის არჩეულმა საკრებულომ ვერ მოასწრო ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სხდომის ჩასაშლელად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დაღვარა.

"უწყინარი ხსნარია, რომელსაც იყენებენ ვეტერინარები... ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს, მე ვამბობდი ამას. ბიუჯეტი არ უნდა მიიღოს ვადაგასულმა საკრებულომ, მე არ მინდოდა ძიძგილაობა. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება", - თქვა მირდატ ქამადაძემ.

ხსნარის დაღვრის შემდეგ, რომელზეც დეპუტატმა თქვა, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, სხდომათა დარბაზი დეპუტატებისგან დაიცალა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატები მოითხოვენ ქალაქის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ არ დაამტკიცოს, რადგან მას "ვადა გაუვიდა". ამას არ იზიარებენ "ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებიც 2017 არჩევნებით გახდნენ საკრებულოს დეპუტატები.

"არ აძლევთ საშუალებას ახალ საკრებულოს იმსჯელოს ბიუჯეტზე და დღეს თუ ხელს აუწევთ ამ ბიუჯეტს, თითოეული თქვენგანი იკიდებს ზურგზე იმ პოლიტიკურ ნე*ვს, რომელიც დაგროვდა "ქართულ ოცნებაში". უახლოეს მომავალში თუ თქვენ საჯარო ცხოვრებას აპირებთ, იცოდეთ, რომ მისი მოხსნა არ იქნება ადვილი", - მიმართა საკრებულოს წევრებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ სხდომის დაწყების დროს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც საკრებულოს სხდომა იმართებოდა, კვლავ ხმაურია.

იმის მიუხედავად, რომ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი კვლავ იდგა, სხდომა რამდენიმე წუთში, სივრცის დასუფთავების შემდეგ, გაგრძელდა.

ხმაური იყო საკრებულოს 25 ნოემბრის ბიუროს სხდომაზეც. ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, არ შესულიყო ბიუჯეტის საკითხი დღის წესრიგში.

2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით, შეცვლილია. ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატია და ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს დროში მოასწროს ახალი ბიუჯეტის დამტკიცება.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

XS
SM
MD
LG