Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას


ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ნინო ლომჯარიას შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„სახალხო დამცველს აქვს ზუსტად იგივე ინტერესი, რაც აქვს სააკაშვილს. ნინო ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას. იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ", - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს რისკებზე, რასაც, მისი აზრით, გააჩენს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

„ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. თუმცა აქ არის მთავარი რამ, როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მოტაცებისა და გატაცების საშუალებას არ მისცემენ და არც არაფერი. მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები, ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად ღირს ადამიანების სიცოცხლე, მათ შორის.... თავდასხმა წარმოიდგინეთ, მარტივად, სამოქალაქო კლინიკაზე. ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი სააკაშვილი, ის დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას“, - თქვა კობახიძემ.

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე 10 ნოემბერს განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".

განცხადების თანახმად, პარტია და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

17 ნოემბერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიესალმა სახალხო დამცველის მიერ სპეციალისტების ჯგუფის შექმნას, "რათა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ობიექტურად შეფასდეს, რაც ხორციელდება ომბუდსმენის მნიშნველოვანი საკონსტიტუციო მანდატის შესრულების ჩარჩოში, რომელიც საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას გულისხმობს“, – დაწერა კარლ ჰარცელმა ტვიტერზე.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ომბუდსმენთან მოქმედი მედიკოსთა ჯგუფი გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული ასევე"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძეს და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

XS
SM
MD
LG