Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მოითხოვს სააკაშვილის ჩართვას მისსავე სასამართლო განხილვებში


სახალხო დამცველი ეხმაურება საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების მიმდინარე პროცესებს, რომლებზე დასწრების საშუალებასაც პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტს არ აძლევს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ "ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა."

მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე შემთხვევაში სასამართლოს მოთხოვნილი ჰქონდა მისი სხდომაზე გადაყვანა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამივე შემთხვევაში უარი თქვა, მისი ჯანმრთელობის გართულების რისკების გათვალისწინებით და უსაფრთხოების დაცვის მოტივით. სასამართლომ სამივე ჯერზე ეს არგუმენტები დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა.

"აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს.

რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს. შესაბამისად, სახალხო დამცველი ხედავს რისკს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნება."

ომბუდსმენი პენიტენციურ სისტემას მოუწოდებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით, სასამართლოს კი მიმართავს, რომ სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG