თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე ტარდება და რომელზეც ყოფილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილება, ბრალდებულის ადვოკატები მოსამართლე დავით კურტანიძის და პროკურორების, ლევან ვეფხვაძის, თამარ იაკობიძის და გრიგოლ ნიშნიანიძის აცილებას ითხოვენ. აცილება მოტივირებულია არგუმენტით, რომ "მოსამართლე და პროკურორი ერთობლივად წარმოადგენენ პოლიტიკურ მხარეს ამ პროცესში".
"ბატონო მოსამართლევ, თქვენ გამოირჩევით პოლიტიკურ და სენსიტიურ საქმეებზე სრული მორჩილებით სახელისუფლებო მოთხოვნებზე და დღეს მოხდა ამის სრული ლუსტრაცია", - უთხრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს. მან სხდომის დაწყებამდე არაერთხელ ჰკითხა დავით კურტანიძეს, იყო თუ არა კანონიერი ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მიყვანის უზრუნველყოფის შესახებ.
მოსამართლემ ამ კითხვაზე დაცვის მხარეს უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის ამ კითხვაზე პასუხი, მისთვის მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ბრალდებული არ ესწრება სხდომას, თუმცა ვინაიდან მისი ადვოკატები დარბაზში არიან, მხარე წარმოდგენილად ითვლება. მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატებს შესთავაზა ასევე ბრალდებულის ონლაინ ჩართვა, რათა უზრუნველყოფილიყო მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში. ადვოკატების განმარტებით, პროცესში სააკაშვილის დისტანციური მონაწილეობისთვის, ალტერნატიული მოთხოვნისთვის მოსამართლეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. თუკი პატიმარს სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სისტემა ვერ მიიყვანს, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მოსამართლემ ამის შესახებ უნდა აცნობოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.
"გეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში წარმოდგენის?"
"სირცხვილია მართლმსაჯულება ემალებოდეს ადამიანს, რომელიც არის ციხეში და სურს პროცესში მონაწილეობა" - განაცხადეს სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე.
პოლიტიკური დავალებების შესრულებაა სააკაშვილის ადვოკატებისთვის პროკურორების აცილების შუამდგომლობის დაყენების მიზეზიც.
"როდესაც პროკურორს ვადანაშაულებთ პოლიტიკური დავალების შესრულებაში, ამაზე პასუხი არის საქმის მასალებში. თავიდან ეს საქმე იყო ერთიანი საქმე, რომელშიც ბრალდებულები სააკაშვილის გარდა იყვნენ ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მიხეილ სააკაშვილის საქმე ამ ერთიანი საქმიდან ცალკე გამოიყო 11 ნოემბერს. საქმის ცალკე გამოყოფის მოტივად პროკურატურამ მიუთითა სირთულე და მისი დიდი მოცულობა. 4 ნოემბრიდან დღემდე ამ ორივე საქმეში ზუსტად ერთი და იგივე მასალებია, ერთი და იგივე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება" - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროკურორების აცილების შუამდგომლობის დაყენებისას.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, თავის მხრივ, ადვოკატები არაკვალიციფიურობასა და შოუს დადგმის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე გამოიყო მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა მისთვის ბრალის წასაყენებლად. მან ასევე თქვა, რომ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში სულ 9 ტომია და აქედან მხოლოდ 2 ტომი ეხება მიხეილ სააკაშვილს. პროკურატორმა ასევე განმარტა, რომ ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომის დასანიშნად სასამართლოსთვის მისამართად მხოლოდ 60 დღიანი ვადა ჰქონდა და ეს ვადა არ დაურღვევია. პროკურორი არ ეთანხმება ადვოკატების შუამდგომლობას პროკურორებისა და მოსამართლის აცილების შესახებ.
"თუ უნდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობა, კეთილი ინებოს და ჩაერთოს ონლაინ. ან სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და გავიდეთ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოხდება პროცესის ჩატარება. კონვენციაში ის კი არ წერია, ბრალდებულს უფლება აქვს საზოგადოებას მიმართოსო, კონვენციაში ერთი რამე წერია, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგესო. მაგრამ თუ მას არ სურს ეს, კეთილი ინებოს და ჩაერთოს ონლაინ", - თქვა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომაზე.
სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ეს განცხადება მიიჩნიეს მტკიცებულებად, რომ ის "პოლიტიკური პროკურორია."
"ოცნების ლიდერი საუბრობდა ამას, თუ სახელმწიფო ბრალდების მხარე, მე ვერ გავარჩიე" - თქვა ბექა ბასილაიამ პროკურორის პასუხად.
მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა აცილებების შესახებ არარგუმენტირებულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმე ერთ-ერთია იმ სისხლის სამართლის საქმეებიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქვს პროკურატურას აღძრული. ამ საქმეზე დღეს სასამართლოში პირველი სხდომა [ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარმდგენი სხდომა] იმართება.
წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს ჩაინიშნა.