ამჟამად, სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ორ საქმეს. ერთი საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება მეორე საქმეს, ის უკავშირდება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს, ე.წ. პიჯაკების საქმეს. „7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. „პიჯაკების საქმეზე“ კი სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევს.
როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, დაცვის მხარე სასამართლო სხდომების მიმდინარე კვირაში დანიშვნას მოითხოვს და ამ მოთხოვნას საფუძვლად უდევს სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესი:
„პიჯაკების საქმეზე“ სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, სხდომა დანიშნულია 10 ნოემბერს. ჩვენ სხდომების გადმოწევა ვითხოვთ, რასაც, ბუნებრივია, აქვს ლეგიტიმური საფუძველი, ვინაიდან 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული აქვს პატიმრობა და ჩვენ ვითხოვთ ამ პატიმრობის გაუქმებას. არანაირი პატიმრობის ფორმალური საფუძველიც კი აღარ დარჩა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს განაჩენის საფუძველზე. თუკი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ამის ერთადერთი ახსნა იქნება ის, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადების ეშინია“, - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
გარდა მიმდინარე საქმეებისა, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
სააკაშვილის საჩივარი სტრასბურგში
2020 წელს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის მაისში მიიღო. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი: მე-6 მუხლი - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; მე-7 მუხლი - არავითარი სასჯელი კანონის გარეშე და მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
კერძოდ, სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს, პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემა მიხეილ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პოლიტიკური სარჩული?
დგას თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებისა და მისი დაკავების უკან პოლიტიკური კონტექსტი? ცხადია, მისი ადვოკატები და თანაგუნდელები, უკანასკნელი დღეებია და არა მხოლოდ, სწორედ ამ, პოლიტიკურ სარჩულსა და კონტექსტზე მიუთითებენ ყველა ინტერვიუსა თუ საჯარო გამოსვლაში.
როგორც ჩანს, ეს კითხვა გაჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც, რომელმაც მაისში წარმოებაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი. იურისტი დავით ჯანდიერი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რამდენიმე თვის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დაუსვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლიდან (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) გამომდინარე. დავით ჯანდიერის თქმით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ამ შეკითხვის დასასმელად:
„დაისვა კითხვა - იმ განაჩენების უკან, რომლებიც სააკაშვილის მიმართ იყო გამოტანილი, ხომ არ იყო სხვა, განსხვავებული ინტერესი, მართლმსაჯულების ინტერესის გარდა? კერძოდ, პოლიტიკური ინტერესი და ამ პოლიტიკური ინტერესის გამო ხომ არ იყო ეს განაჩენები გამოტანილი? ეს არის ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს“.
ამის გარდა, დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებით, ხელისუფლება უკვე დადგა პოლიტიკური პრობლემის წინაშე და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, რაკიღა, მისი თქმით, ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური წესრიგისთვის მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტის გისოსებს მიღმა ყოფნა იმ პირობებში, როდესაც არსებობს არა უბრალოდ კითხვის ნიშნები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს საერთო კონსენსუსი, რომ ქართული მართლმსაჯულება არის კლანის მიერ მართული და ის უპირობოდ აღასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთებს, რომელიც მოდის მმართველი პარტიის მხრიდან:
„ამიტომ, თუკი ამ საკითხს შევხედავთ სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილებიდან, ცხადია, რომ ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გამოწვევას, რომელთან გამკლავებაც შეუძლებლად მიმაჩნია“.
ამავეს ფიქრობს იურისტი სულხან სალაძეც. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილსა და მის დაპატიმრებას უკავშირდება, სამომავლოდ, საქართველოს აუცილებლად მოუწევს თავის მართლება და მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება მხოლოდ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება და არა პოლიტიკურ მოტივაციებს და სხვა დინებებს.
მისივე თქმით, ამ მოცემულობას ამწვავებს ისიც, რომ უკანასკნელი წლების საერთაშორისო ანგარიშებში, რომლებიც ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ანალიზს შეეხება, პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას აქვს სერიოზული პრობლემა:
„მთავარ პრობლემას და საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარტნიორები, ცივილიზებული სამყარო, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა, გარდა მმართველი პარტიისა, თანხმდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არ არის მართლმსაჯულება, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს, დისტანცირებულია მმართველი პარტიისგან. ამ ფონზე, როდესაც ეს პროკურატურა და ეს სასამართლო გაასამართლებს მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, აუცილებლად გაჩნდება კითხვები პოლიტიკური დინებების შესახებ. ამას ემატება პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, „თუ ჭკვიანად არ იქნება, მუხლებს დავუმატებთ“... დღეს იყო ნახსენები მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულების შესახებაც. სრული კატასტროფაა პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებები. ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი ის კი არ არის, რომ ბრალდებულმა პასუხი აგოს დანაშაულის გამო, თუკი ის ჩადენილია, არამედ ეს მეტყველებს ღია ანგარიშსწორებაზე“, - ამბობს სულხან სალაძე.
რაც შეეხება სულხან სალაძის მიერ ნახსენებ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობდა, ახსენა ასეთი ფრაზა, „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს“.
6 ოქტომბერს კი პრემიერმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელიც მთლიანად ეძღვნება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასა და ფორმას. ამ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენჯერმე, ირიბად მიანიშნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებლების თაობაზე: „საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა... ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი“.
გამამტყუნებელი განაჩენი შეწყალების აქტის გამო
ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილს 2018 წელს მსჯავრი დაედო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდება. ექსპრეზიდენტს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებისთვის პატიმრობის ვადის შემცირებას ედავებოდა.
დავით ჯანდიერი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი იყო, რადიო თავისუფლებასთან აანალიზებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილების, შეწყალების აქტის გამოყენებასა და შემდეგ, მის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის კონტექსტს.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, გირგვლიანის საქმეზე მსჯელობისას, სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, ანუ, სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუკავშირა არა მხოლოდ საქართველოში ჩატარებულ არაეფექტიან გამოძიებას, არამედ ევროპულმა სასამართლომ დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე პირების შეწყალება კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
თავად დავით ჯანდიერიც, ცხადია, მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ არ უნდა გამოეყენებინა შეწყალების უფლება, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული შეწყალების მიზანშეწონილობის შეფასება შინაარსობრივი თვალსაზრისით, არც პროკურატურის და არც სასამართლო კონტროლის საგანი არ უნდა იყოს, რადგან ეს აღიქმება პრეზიდენტის კომპეტენციაში შეჭრად და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საწინააღმდეგო ქმედებაა:
„კონვენციის დარღვევა ავტომატურად არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას. მოცემულ სიტუაციაში, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრობლემურია დაადასტურო, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რეალურად, რა განზრახვა ამოძრავებდა შესაბამის პირს, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს, როდესაც მსჯავრდებულს იწყალებდა და თან იმ პირობებში, როდესაც არ არის გაწერილი შეწყალების კონკრეტული კრიტერიუმები და პრეზიდენტი აბსოლუტურად თავისუფალია ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, რომელიც არ შეიცავს მოთხოვნას დასაბუთების შესახებ, სამართლებრივად ნულის ტოლია დანაშაულის დამტკიცება, თუკი ძალიან მკაფიო, ნათელი, პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს ამ დანაშაულისა. საქართველოში შეწყალების უფლება ფორმალური ბარიერებით შეზღუდული არ არის და იძლევა უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება განსხვავებულ, ძალიან მყარ საფუძველს და სტანდარტს მოითხოვს“.
დავით ჯანდიერის თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში, არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მან საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა:
„ჩემთვის, შეწყალების ფაქტმა დაარღვია სანდრო გირგვლიანის სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ მქონდა მტკიცებულება იმისა, თუ რა განზრახვა იდგა და იდგა თუ არა ბოროტი განზრახვა ამის უკან, რაც საჭიროა სისხლისსამართლებრივი პასუხისგებისთვის. ვარაუდები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს და მე, როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს, მქონდა და მაქვს ეს ვარაუდები, მაგრამ ამის მტკიცებულება არ მქონდა არც მაშინ, სტრასბურგში და ამაზე არც ვუთითებდი. ჩემთვის საკმარისი იყო ის ფაქტი, რომ შეწყალება განხორციელდა და ეს შეწყალება არ იყო კონვენციასთან შესაბამისი. დანარჩენი უკვე პროკურატურის ამოცანა იყო, რომ პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულებებით, სტანდარტებით დაემტკიცებინათ, რომ შეწყალება ბოროტი განზრახვით განხორციელდა. ლოგიკური ვარაუდით განაჩენის დაყენება არ შეიძლება“.
სახალხო დამცველის - სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი, სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა, სადაც ვკითხულობთ:
„გასათვალისწინებელია, რომ არც ბრალდება ყოფილა წარდგენილი და არც განაჩენია გამოტანილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულისთვის: სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის (364-ე მუხლი), ცრუ ჩვენების მიცემის წაქეზების ან ორგანიზების (370-ე მუხლი), მოწმის მოსყიდვის ან იძულების (372-ე მუხლი), დანაშაულის დაფარვისთვის (375-ე მუხლი). განაჩენი გამოტანილია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ზოგადი მუხლით. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში, სახალხო დამცველმა მიმოიხილა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტები, რომლის მიხედვითაც, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“, „უფლებამოსილების გადამეტების“ ან სხვა მსგავსი განუსაზღვრელი დანაშაულის შემადგენლობებით, პრობლემურად არის მიჩნეული“.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, უფლებამოსილების გადამეტების აკრძალვის ნორმა ვიწროდ უნდა განიმარტოს პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, რათა კანონიერების პრინციპის მოთხოვნები არ იქნეს დარღვეული. მოსაზრებაში ასევე საუბარია ირიბი ჩვენების გამოყენების სტანდარტებზე, რადგან სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განაჩენი მეტწილად ამ კატეგორიის მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება“.
მესამე პრეზიდენტის გამამტყუნებელი განაჩენები
გირგვლიანის საქმე
2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა.
პროკურატურის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობის ვადა წინასწარი შეთანხმებით შეუმცირა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს, რაც ადასტურებდა მის ბრალეულობას.
განიმარტა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს წინასწარ გაურიგდა:
„მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით, გასცა პირობა, რომ შემდგომში, სასჯელის მიუხედავად, - თუ რა დაენიშნებოდათ მათ სასამართლოს მიერ, - შეიწყალებდა ამ მსჯავრდებულებს“.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის 2014 წლის ნოემბერში დაუსწრებლად წაყენებული ბრალის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად მიიჩნეოდა ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, 2008 წელს, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა 2006 წლის იანვარში მომხდარი მკვლელობის გამო მსჯავრდებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს. 2009 წელს კი ამოქმედდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი და მსჯავრდებულები დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ გათავისუფლდნენ, მაშინ როცა მათ, სასამართლოს 2006 წლის ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, 7 და 8 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
2011 წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და დაადგინა, რომ გამოძიებას აშკარად აკლდა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და საფუძვლიანობა. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავდა, რომ „გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული მოქმედებით, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
ვალერი გელაშვილის საქმე
2018 წელს მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთ საქმეზე დაედო მსჯავრი. 28 ივნისს, ის თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე ჩაიდინა, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს ქ.თბილისში, დაახლოებით 13:00 საათზე, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალერი გელაშვილსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს.
საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის - ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც დეპუტატი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა (მიხეილ სააკაშვილმა), პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა:
„ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ, ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შსს მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. დაზარალებულმა ცემის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია“.
ბრალდებული ექსპრეზიდენტის საქმეები
„იმედი“, „7 ნოემბერი“, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდება
2014 წლის 28 ივლისს გამოიტანა პროკურატურამ დადგენილება მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2014 წლის განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“, ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში „ტელეიმედით“ გაშუქებულ იქნა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები - სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას - საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები.
„ასევე, 2007 წლის სექტემბერში "ტელეიმედის" ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა ა.პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. „ტელეიმედის“ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ხსენებული კი ნეგატიურად მოქმედებდა იმდროინდელი მმართველი გუნდის რეიტინგზე, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს არკადი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია ,,იმედის“ ხელში ჩაგდების მიზნით. ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ა.პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში ,,ტელეიმედი“ გაეცვალა "საქართველოს რკინიგზაში", რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი... ხელისუფლების ყველა შტომ, მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, 2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა:
„2007 წლის 4 ნოემბერს, სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი. თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება - ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე“.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებულ იქნა არალეტალური იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქეს, მათ შორის სახალხო დამცველს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, ჟურნალისტებს:
„ამავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად ტელეკომპანია "იმედის" შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სრულიად უკანონოდ, შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებმაც დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა, ხოლო „ტელეიმედის“ თანამშრომლები ცემით გამოაძევეს შენობიდან. ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახატად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოვებინათ ტერიტორია“.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ფაქტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევის პროცესი:
„ამასთან „ტელეიმედში“ ძალისმიერი მეთოდით შეჭრისა და დაწესებულების უკანონოდ დაკავების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, ხელოვნურად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი არკადი პატარკაციშვილი და მის ქონებას, კერძოდ შპს „ტელეიმედს“ დაედო ყადაღა, რითიც მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ,,ტელეიმედის“ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა...საბოლოო ჯამში, ზეწოლისა და დაშინების გზით პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია "იმედი". 2012 წლის 18 ოქტომბერს, ოქტომბრის არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა გიორგი არველაძემ, გიორგი კორახაშვილმა და გიორგი მიქელაძემ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნეს 90%-იანი წილი ტელეკომპანია "იმედის", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლა არ შემოიფარგლა მხოლოდ „ტელეიმედის“ უკანონოდ ხელში ჩაგდებით და ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვა მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
8 837 461 ლარის გაფლანგვის, ე.წ. პიჯაკების საქმე
„7 ნოემბრის“ საქმეზე გამოტანილი დადგენილებიდან ერთი თვის თავზე, 2014 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი დადგენილება გამოიტანა. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვას.
პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები.
ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილ იქნა ჯამში 5 952 500 ლარი. ასევე, მიხეილ სააკაშვილის გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.
„მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, სადაც ასევე დეტალურადაა ჩამოთვლილი იმ მომსახურებისა და ნივთების ნუსხა, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა დაიხარჯა.
ასე მაგალითად:
- მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია - 191 643 ლარი;
- მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;
- გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისთვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი;
- კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი;
- მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი;
- მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი;
- იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი;
- პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი;
- იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი;
- მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 პიჯაკის შესაძენად - 7 994,84 ლარი;
- აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
წაუყენებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთ ბრალს?
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთ, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალს საზღვრის უკანონო კვეთის გამო 3 ოქტომბერს წარუდგენდნენ, თუმცა, მისთვის გამოძიებას ეს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებია.
ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ვერსია, რა გზით შემოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში. გენერალური პროკურატურის მხრიდან ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს უკანონოდ გადმოკვეთა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ის მე-20 დღეა შიმშილობს.