პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამართვის სავარაუდო ადგილს ასახელებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც ის აცხადებს, სამინისტრო მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გამო ციხის ტერიტორია არ დატოვოს.
„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში შესაძლო იყი ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი, ამ პროცესში იქნებოდა 500-600 ადამიანი ჩართული“, - თქვა ბრეგაძემ. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლების შესაძლო მკვლელობის შესახებ. „პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და სხვადასხვა სახის უამრავი დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული“, - თქვა მან.
შეკითხვაზე, გაიყვანენ თუ არა სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიხეილ სააკაშვილს ციხიდან, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას. ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და ბუნებრივია, ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით“.
მინისტრის თქმით, არსებობს პრაქტიკა, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს პენიტენციურ დაწესებულაბაში. „ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი #12 დაწესებულებიდან. აქ შეიძლება საფრთხე წარმოეშვას თვითონ მას“, - თქვა მან.
როგორც ბრეგაძე აცხადებს, სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი #12 პენიტენციური დაწესებულებიდან არ გაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.