Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომბუდსმენი: ვფიქრობ, [საქართველოს] ხელისუფლება რაღაცას მალავს


"ბოლოს და ბოლოს ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი იუსტიციის სამინისტროდან, სადაც ახსნილია უარის მიზეზები, თუმცა წერილი ურთიერთგამომრიცხავია. ერთ ნაწილში ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის დამაკმაყოფილებელია, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. უარის თქმის დროს კი ისინი უბრალოდ წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებებზე, ასევე, იმისთვის, რომ დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაშვებულები იქნებიან მხოლოდ ის ვიზიტორები, რომლებიც განსაზღვრულია პატიმრობის შესახებ კოდექსით. როგორც მივხვდი, ახლა დაუშვებენ მხოლოდ ახლობლებსა და ადვოკატებს, ასევე, ჩვენს კონსულს", - თქვა უკრაინის ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას გლდანის ციხესთან. ის ორი დღის განმავლობაში ცდილობდა მოენახულებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხის საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ამის საშუალება პენიტენციურმა უწყებამ არ მისცა.

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც მას არ მიეცა საშუალება პირადად ენახა მიხეილ სააკაშვილი და ის გარემო, რომელშიც ის იმყოფება, აქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. მისივე თქმით, დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა იუსტიციის მინისტრს, თუმცა მან მის ზარებს არ უპასუხა.

"დღეს სააკაშვილთან იყო შესული ადვოკატი, მან გამოიტანა ჩემთვის განკუთვნილი წერილი, სადაც ის წერს: ის, სადაც მე ვიმყოფები, არ არის კლინიკა. კრიმინალები ყვირიან, მთელი დღეებისა და ღამის განმავლობაში. ჩემთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ კონსილიუმის წევრ ექიმებს. რაც შეეხება ჯანმრთელობას: სამი დღის განმავლობაში ფაქტობრივად არ ავმგარვარ საწოლიდან, ხშირად იცვლება ჩემი წნევა დაბალიდან მაღალზე და პირიქით. კალიუმი დამივარდა 2,6 ნიშნულამდე. ჩემმა ექიმმა, როცა იყო შემოსული, მომცა წამალი და დამირეგულირდა. მის გარეშე აქ აბებს არ ვიღებ. ოთახში, სადაც მე ვიმყოფები არა მხოლოდ აპარატურა არ არის, არ არის ღილაკიც, რომლითაც ექიმს გამოვიძახებ", - თქვა უკრაინის სახალხო დამცველმა. მან აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლებაა მისცეს მას ნებართვა ან უარი უთხრას ციხეში შესვლაზე, თუმცა მისი მანდატი ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქზე, მათ შორის მათზეც, ვინც უკრაინის საზღვრებს მიღმა იმყოფება.

"მე უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ მაქვს მონიჭებული, ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, მათ შორის მათზეც, ვინც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან.

იქიდან გამომდინარე, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შევძელი, დასკვნები იმ ადამიანების ნათქვამიდან გამომაქვს, რომლებსაც მასთან უშვებენ. მე შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე ვაცხადებ, რომ შეფასების დროს შემიძლია გამოვიყენო ის საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს აქვთ რატიფიცირებული", - თქვა ლიუდმილა დენისოვამ.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უკრაინის ომბუდსმენის გარდა, პენიტენციურმა სამსახურმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასაც უთხრა.

XS
SM
MD
LG