Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი მოსამართლე ემიჯნება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ემიჯნება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ იზიარებს კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში:

„ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს: ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა; პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას; პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე; დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით. ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება”.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად დაწერილ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ოცზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა. ისინი საკუთარ პოზიციას ძირითადად სოციალურ ქსელებში აფიქსირებენ.

4 ნოემბერს, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სახელით, ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებების საპასუხოდ, კრიტიკული მოსაზრება გავრცელდა. განცხადების გავრცელების დროსაც და ახლაც უცნობია, 100-ობით მოსამართლიდან რამდენი იზიარებდა ამ პათოსს.

31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი უწყებაა. საბჭო ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ, ასევე პარლამენტს წარუდგენს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატთა სიას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნის პროცესს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმული მეხუთე ნაბიჯი უწოდა.

კრიტიკული იყო აშშ-ის საელჩოს გამოხმაურებაც. საელჩომ ამ პროცესს გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი უწოდა.

XS
SM
MD
LG