Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მწვანე ბარათების“ ამოქმედების შესაძლებლობები თამარ გაბუნიამ განმარტა


ეპიდუსაფრთხოების დამადასტურებელი „მწვანე ბარათების“ ამოქმედების შესაძლებლობაზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორცინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, რომ ბარათები მაშინ დაინერგება, როდესაც აღსრულების მექანიზმები დაიხვეწება და გამოირიცხება მისი ფალსიფიცირების რისკი.

„მწვანე საშვი“ გაიცემა პირზე, რომელიც არის ან სრულად ვაქცინირებული, ან უტარდება ანტიგენტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში, ან ფლობს 72-საათიან რეჟიმში ჩატარებულ PCR ტესტირების პასუხს, გადატანილი აქვს ინფექცია 14 დღიდან 6 თვის ინტერვალში.

ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს იმას, რომ პირი შეიძლება ჩაერთოს უსაფრთხოდ ბიზნეს ან სოციალურ აქტივობებში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს. ადმინისტირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, აქ საუბარი მაქვს „მწვანე საშვის“ მექანიზმზე, მნიშვნელოვანია ასევე ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიკიფაცია, გარკვეული სახით გაყალბება სერთიფიკატის ნაწილში და მეორე - დარღვევა იმ წესის, რომელსაც ჩვენ თვითონ დავაწესებთ, ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა, ვერაფრით ვერ მოხვდება იმ გარემოში, სადაც ბიზნესაქტივობა წარმოებს და ასევე არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად. მანამდე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი სიტყვებით, ახლა ამ გარანტიებზე მიდის მუშაობა და საბოლოო ჩამოყალიბებული სურათის შემთხვევაში, „გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“.

ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებული სრული პაკეტი, საკოორდინაციო საბჭოს 26 ოქტომბერს წარედგინა.

3 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევის შესახებ. მან მიმართა ხელისუფლებას, რომ სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი. მედიკოსები ვაქცინაციას მიიჩნევენ, როგორც ინფექციისგან თავის დაცვის, ასევე, დაავადების გამწვავების და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. კოვიდმა საქართველოში უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

4 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %

სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%

3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრიდან. გასულ თვეში, ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში დაიწყო „ვაქცინაციის მარათონი“, თუმცა, აცრის სტატისტიკის თანახმად, ვაქცინაციის ტემპი ისევ ძალიან დაბალია.

პირველ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო 80%-ის ვაქცინაცია.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია შესაძლებელია "ფაიზერის", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG