Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აუცრელი მოქალაქეების ფასიანი მკურნალობის საკითხს აყენებს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევის შესახებ. მან მიმართა ხელისუფლებას, რომ სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული. პრეზიდენტი რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯზე ამახვილებს ყურადღებას:

  • სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის;
  • კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეეებში შესვლისთვის;
  • და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

ზურაბიშვილი ეწინააღმდეგება და მიუღებლად მიაჩნია ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის დაბრუნება და ნებისმიერი ჩაკეტვა.

პრეზიდენტმა პანდემიის შედეგებს კატასტროფული მდგომარეობა უწოდა, რომელზეც, მისი შეფასებით, ყველა პასუხისმგებელია.

„სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც, მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა.

პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ, რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.

ეს პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.

პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც, პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ეს 18 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

3 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %.

სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრიდან. გასულ თვეში, ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში დაიწყო „ვაქცინაციის მარათონი“, თუმცა, აცრის სტატისტიკის თანახმად, ვაქცინაციის ტემპი ისევ ძალიან დაბალია.

პირველ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო 80%-ის ვაქცინაცია.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია შესაძლებელია "ფაიზერის", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG