უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა შეხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, ახალი ოჯახი შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრა 3 ნოემბერს, კიევში გაიმართა.
ლუდმილა დენისოვას თანახმად, გიული ალასანია შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს და 20 კილოგრამი დაკარგა. დენისოვას ინფორმაციით, დედა შიშობს, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შესაძლოა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დაუყოვნებლივი რეაგირებისა და სამკურნალო დაწესებულებაში პროფესიონალური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობის მიცემისკენ.
დენისოვა უცხოეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მტკიცედ დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირთა მიერ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვონ სამედიცინო დახმარების უფლების აღდგენა.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილს 26 ოქტომბერს შეხვდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. დენისოვა აცხადებდა, რომ თბილისის აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლისას 40 წუთის განმავლობაში უმიზეზოდ შეაფერხეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში, რომელიც გლდანში მდებარეობს. თავის მხრივ, ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.