Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას ნაჩქარევს და გაუმჭვირვალეს უწოდებს


საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სპეციალური განცხადებით ეხმიანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევას. ის ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდებს.

"დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ჩამოთვლილია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც "უკან გადადგმულ" ნაბიჯად არის შეფასებული:

  • 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც ეუთო/ოდირმა შეაფასა პროცესად, რომელსაც "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა";
  • მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა, რაზეც იყო დამოკიდებული ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მაკროფინანსური დახმარების მიღება;
  • ​გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით შეთანხმების შეუსრულებლობა;
  • 5 ივლისს ჟურნალისტების თავდასხმაზე სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

"ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი უწყებაა. საბჭო ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ, ასევე პარლამენტს წარუდგენს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატთა სიას.

XS
SM
MD
LG