შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ოფიციალურად გაიხსნა გაეროს კლიმატის საკითხების კონფერენცია, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან არიდებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, გარემოს დაცვის სპეციალისტები და აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამენ გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
"მსოფლიოს სიბრაზეს და მოთმინების ამოწურვას ვეღარაფერი შეაკავებს, თუკი გლაზგოში მიმდინარე ამ COP26 [კონფერენციას] არ გადავაქცევთ მომენტად, რომლიდანაც რეალურად ვიმოქმედებთ კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით, და რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ ქვანახშირთან, მანქანებთან, ფულთან და ხეებთან დაკავშირებით" - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თავის გამოსვლაში 1 ნოემბერს. "შუაღამეს ერთი წუთი აკლია, და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ", რადგან კლიმატის ცვლილებები "აპოკალიფსის მოწიკწიკე დანადგარივითაა", დასძინა მან და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა უკვე დადებულ პირობებზე მეტი გააკეთონ და მიაღწიონ მიზანს, რომ გლობალური დათბობა შეიზღუდოს პრეინდუსტრიულ დონეზე ცელსიუსით 1,5 გრადუსით მეტის დონეზე.
გლაზგოს შეხვედრის მთავარი მიზანია, შეაჯამოს, რამდენად სრულდება 2015 წლის პარიზის სამიტზე კლიმატთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. გლაზგოს სამიტი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, შეიძლება მსოფლიოს ინდუსტრიული სახელმწიფოებისთვის უკანასკნელი შანსი იყოს იმ ზომების შესათანხმებლად, რომლებიც შესაძლებელს გახდის პლანეტაზე გლობალური დათბობის პროცესის გაყინვას, მიაჩნიათ ექსპერტებს.