საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან ვარშალომიძე პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუკზე" დაწერა.
"უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!" - აღნიშნავს ვარშალომიძე.
დღეს, 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ტოვებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ანი წითლიძე და ნონა მამულაშვილი, ასევე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. 31 ოქტომბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.
დღესვე ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართვა გაავრცელა. მან პარლამენტის მანდატის დატოვებისკენ მოწოდა დეპუტატებს.
"უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და პარლამენტში წესიერი ხალხისადმი, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ მარტო დატოვონ საკუთარ თავთან", - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.