Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ხელისუფლების კრიტიკა და საარჩევნო გარემოს შეფასება EU-ს წარმომადგენლობის საარჩევნო დასკვნაში

ხელისუფლების კრიტიკა და საარჩევნო გარემოს შეფასება EU-ს წარმომადგენლობის საარჩევნო დასკვნაში


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებს და აცხადებს, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო. ამავე დასკვნაში წერია, რომ ამ დადებითი ფონის მიუხედავად კვლავ იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსებს შორის დისბალანსი და ამომრჩეველზე ზეწოლისა თუ დაშინების ბრალდებები.

"პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია", - წერია დასკვნაში.

ამ დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადება, რომლითაც ამბობდა, რომ "ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს".

"ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული", - ვკითხულობთ შეფასებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა პარტიას მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობა განაგრძონ:

"საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ".

დასკვნის ბოლოში წერია იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობას ლიდერების მხრიდან აქვთ.

"გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება", - წერია დოკუმენტში.

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იგივეს აცხადებენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.

XS
SM
MD
LG