საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს ყაზახ ბიზნესმენს, მარგულან სეისემბაის, რომელიც 2020 წელს, მიხეილ სააკაშვილმა მიიწვია პარტნიორად მის მიერ უკრაინაში შექმნილ ორგანიზაციაში, „მარტივი გადაწყვეტილებების და შედეგების ოფისში“.
27 ოქტომბერს, ღამით სეისემბაიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ საქართველოში ჩავიდა „გორდონის აკადემიის ფორუმზე გამოსასვლელად, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ „საშიშ ელემენტად“ ჩათვალა და ქვეყანაში არ შეუშვა. „როგორც ჩანს, შეეშინდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რაღაცას გავაკეთებდი. რატომაა ხელისუფლება ასეთი შეშინებული? როგორც ჩანს, არის მიზეზი. ალბათ, გრძნობენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის“, - წერს ყაზახი ბიზნესმენი. სეისემბაის ინფორმაციით, მის მიმართ მოქმედებდნენ უხეშად და თავხედურად იტყუებოდნენ, რადგან აეროპორტში დაყოვნების მიზეზად ხან სისტემის გაუმართაობა დაუსახელეს და ხანაც კოვიდანკეტის შემოწმება, საბოლოოდ კი, მისი ცოლი და შვილი შეუშვეს, თავად კი, მიზეზის აუხსნელად წაიყვანეს და თვითმფრინავში ჩასვეს.
27 ოქტომბერს თბილისის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს უკრაინელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დმიტრი გორდონიც. მისი ინფორმაციით, მიზეზი არ დაუსახელეს. გორდონმა მომხდარი ფაქტი იმას დაუკავშირა, რომ 26 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ორგანიზება გაეწია მის მიერ რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის. 27 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უკრაინიდან არანაირი წერილი არ მიუღიათ.
დმიტრი გორდონი აცხადებდა, რომ საქართველოში გაემგზავრა ორი მიზნით - სააკაშვილთან შესახვედრად და „დმიტრი გორდონის აკადემიის“ გამსვლელი სხდომის ჩასატარებლად. ჟურნალისტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მან საგანმანათლებლო ონლაინაკადემია 2021 წლის მაისში შექმნა.
გორდონსა და მის ცოლთან, ალესია ბაცმანთან ერთად, საქართველოში არ შეუშვეს უკრაინაში სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში. უფრო ადრე თბილისის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს უკრაინელი იურისტი ევგენ გრუშოვეცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავდა. საქართველოს შსს-ს ამ დრომდე არ განუმარტავს უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის მიზეზი.
27 ოქტომბერს, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრა, რომ საზღვარზე 40 წუთით დააყოვნეს და ეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.