საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული იდეა თბილისში კოალიციურ მმართველობაზე ფარსია და "ნორმალური ადამიანი" ვერ დაიჯერებდა. მისი თქმით, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის პრეზენტაცია.
"ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი და იყო საკუთარი ამომრჩევლის და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნების განცდა, მათ ჰგონიათ, რომ როგორც ატყუებდნენ პროპაგანდისტული მანქანებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე ეგონათ, რომ [ახლა] მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო, შეუძლია დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ?! არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძის, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია თავის თავს ატყუებს და უნდათ, უცხოელების თვალში კოალიციური მმართველობის განცდა შექმნან.
გუშინ, 20 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისში კოალიციური მმართველობის იდეა გააჟღერა. მან საკუთარი მოადგილეობის კანდიდატებად ოპოზიციური პარტიის ლიდერები დაასახელა.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები იქნებიან:
- მამუკა ხაზარაძე - "ლელო";
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
- ელენე ხოშტარია - "დროა";
- ირაკლი აბესაძე - "ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი.
ნიკა მელიამ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატურებიც წარადგინა. ისინი სხვადასხვა პარტიებიდან არიან, მათი ნაწილი კი უპარტიოა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაქში. თვითმმართველ ქალაქებში სახელისუფლებო კანდიდატი წინა სახელისუფლებო პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს უპირისირდებიან. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. თბილისში ნიკა მელიას კონკურენტი მოქმედი მერი და მმართველი პარტიის კანდიდატი, კახა კალაძეა.