20 ოქტომბერს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გუნდების წევრებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს.
„ჩვენი მიზნები და ამოცანები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვიქნებით ის პლატფორმა, რომელიც ამ ერთპარტიულობის დამთავრების და ჯანსაღი კოალიციური მმართველობის საფუძველის გარანტი იქნება. იქნება გარანტი, რომელიც არც ერთ და არც მეორე მხარეს ერთპარტიული მართვის საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა ერთობლივ ღონისძიებაზე მამუკა ხაზარაძემ.
პარტიები მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის ერთობლივ მოქმედებას გეგმავენ. როგორც „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, 30 ოქტომბრის არჩევნები იქნება შემოტრიალების წერტილი.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროდასავლური, ცივილიზებული სახელმწიფოს აშენების გზა გადის ერთობასა და კოალიციურ მრავალფეროვნებაზე. მისი თქმით, ერთ ადამიანზე მორგებული სისტემა კარგი მიზნებითაც კი ღუპავს ქვეყანას.
„ჩვენ ვდგებით ერთად და ხალხს ვაძლევთ ფართო არჩევანის საშუალებას“, - აღნიშნა მან.
ხოშტარიამ აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა მელიას ძალისხმევა, რომ მრავალფეროვანი ერთობა შემდგარიყო და არ მოქცეულიყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც უბრალოდ დიდი, ეგოისტური ძალა.
„მეორე ტურის არჩევნები გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ არჩევნებზე ჩვენ, ყველანი გამოვდივართ ერთი ფრონტით და მე დიდი სიამოვნებით ვაწერ ხელს იმ საერთო პრინციპებს, რომლის გარშემოც ჩვენ ამ ბრძოლაში ვერთიანდებით“, - ამბობს ელენე ხოშტარია.
2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით პარტია „ლელომ“ მიიღო ხმების 2.71% (თბილისში - 3.62 %), პარტია „დროამ“ - 0.61% (თბილისში - 2.14%).